“დამკვირვებლებს მასიურად აძევებენ უბნებიდან”

2021-10-30 13:10:40

სამოქალაქო პლატფორმა 20/20-ის წარმომადგენლის, ლაშა ფარულავას განცხადებით, რუსთავის საარჩევნო უბნებიდან დამკვირვებლების გაძევება ხდება. ამის შესახებ მან განცხადება რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიასთან გააკეთა და თავმჯდომარეს მოუწოდა, უზრუნველყოს საუბნო საარჩევნო კომისიების კეთილსინდისიერი საქმიანობა.

“რამდენიმე ფაქტი, როდესაც კომისიის წევრები პირად მონაცემებს უცხო პირებს მობილური ტელეფონით გადასცემენ. ასეთი ფაქტები დავაფიქსირეთ და მყისიერად მოხდა კომისიის წევრების მიერ ჩვენი დამკვირვებლების გაძევება. ხდება ჩვენი დამკვირვებლების მასიურად, ყველა საარჩევნო უბანზე დაბულინგება და შეშინება. ამიტომ მე მოვედი ოლქთან, რათა ოლქის თავმჯდომარეს მოვუწოდო, საუბნო საარჩევნო კომისიებმა, კეთილსინდისიერად და მიუკერძოებლად ჩაატრონ არჩევნები”, - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

საოლქო საარჩევნო კომისიასთან იმყოფებოდა ოპოზიციონერი ირმა ნადირაშვილიც, რომელმაც კონკრეტულ უბნებზე გაამახვილა ყურადღება.

“ძალიან რთული ვითარება იყო 31-ე უბანზე, საიდანაც გამოაძევეს დამკვირვებელი. გვაქვს ინფორმაცია, რომ ინტერნატებში, მე-16 უბანზე ქართული ოცნების სატელიტების, ე.წ. კრიმინალური ელემენტების შეკრება ხდება, რომ იქ ჩაშალონ უბანი. საოლქო საარჩევნო კომისიამ უნსა იცოდეს, რომ ეს არ არის ქართული ოცნების დაქირავებული ორგანო”, - განაცხადა ნადირაშვილმა.

რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური უარყოფს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ რომელიმე უბნიდან დამკვირვებლის გაძევება მოხდა.

“დამკვირვებელი იქნება თუ წარმომადგენელი, ვინც კანონს უხეშად დაარღვევს და ერთი გაფრთხილების შემდეგ არ გაითვალისწინებს კანონის ნორმებს, მეორე გაფრთხილებაზე უკვე შედგება გაძევების ოქმი, რა თქმა უნდა, კანონის შესაბამისად და ასეთი ადამიანი დატოვებს საარჩევნო უბანს. ჯერესერთი გაძევების ფაქტი არ არსებობს, ყველა არის საარჩევნო უბანზე. 1 ფაქტი იყო, სადაც ამბობდნენ, რომ იღებდა სამაგიდო სიებს, მიცეს შენიშვნა და გააფრთხილეს”, - განაცხადა გაგა აფციაურმა.