სპეცდანიშნულების რაზმი რუსთავის ციხესთან

2021-10-30 13:02:19

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, სპეცდანიშნულების რაზმის მობილიზების საკითხზე კომენტარს აკეთებს.

უწყებაში ამბობენ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის რუსთავის N12-ე დაწესებულების გარე ტერიტორიაზე პოლიციის დანაყოფები უსაფრთხოების მიზნით დგანან.

„ბუნებრივია პერიოდულად ხდება თანამშრომელთა როტაცია, დღესაც სწორედ როტაციის დროს მოხდა მედიასაშუალებების მხრიდან გადაადგილების ამსახველი ვიდეოკადრების გადაღება“, - განაცხადეს შსს-ში.