რუსთავში ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის

2021-10-30 10:28:13

რუსთაველები დღეს ქალაქის მერს ირჩევენ. რუსთავის მერობისთვის 2 კანდიდატი იბრძვის - ქართული ოცნებიდან ნინო ლაცაბიძე და გაერთიანებული ოპოზიციიდან დავით კირკიტაძე.

რუსთავში 10:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე ხმის მისაცემად 9517 ადამიანი მივიდა, რაც საერთო ამომრჩეველთა 8,91%-ს შეადგენს.

ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, რუსთავში ყველა საარჩევნო უბანი შეუფერხებლად 07:00 საათზე გაიხსნა და ამომრჩევლის მიღება 08:00 საათიდან დაიწყო.

საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ჯერ-ჯერობით საჩივარი არავის დაუწერია.

რუსთავის მასშტაბით სულ 84 უბანი და 4 სპეცუბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 106 895 შეადგენს.

პირველ ტურში 50 %-იანი ბარიერი ვერცერთმა კანდიდატმა  ვერ გადალახა.

შეგახსენებთ პირველი ტურის შედეგებს:

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო ლაცაბიძეს 44.92 %

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე 43.81 %