"ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსთავი არ ჩაუვარდეს ხელში დავით კირკიტაძეს" [video]

2021-10-25 17:40:09

ქართული ოცნების რუსთავის მერობის კანდიდატი, ნინო ლაცაბიძე 24 ოქტომბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შტაბთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის გმობს ძალადობას, პარალელურად კი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, დავით კირკიტაძემ ვერ შეძლოს არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება.

"არჩევნების დღემდე დარჩა ძალიან ცოტა დრო და როგორც ვხედავთ რუსთავში ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, ხელოვნურად შექმნას ის მდგომარეობა, თითქოს ქალაქის მოახლებას არ აქვს საშუალება მშვიდ გარემოში საარჩევნო კამპანიაში მიიღონ მონაწილეობა. ძალიან სამწუხარო ფაქტი მოხდა გუშინ, რომლის დროსაც სამი ადამიანი დაშავდა. გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ვნახეთ, ვინ არის კონკრეტულად მოძალადე და ვინ ძალადობს რუსთაველებზე და იმ ადამიანებზე, ვისთან ერთადაც ამ ქალაქში უნდა ვიცხოვროთ. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, განსაკუთრებით ნაციონალურ მოძრაობას და მის წარმომადგენლებს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვცეთ პატივი რუსთავს და რუსთაველებს. მოგვეცით ჩვენც საშუალება, ვინც ჩართული ვართ საარჩევნო კამპანიაში, გავაგრძელოთ კამპანია და მოსახლეობას მივცეთ საშუალება გავაცნოთ ჩვენი გეგმები, რომ გააკეტონ თავისუფალი არჩევანი. ვემიჯნები ყოველგვარ ძალადობას და იმ ტიპის ინციდენტებს, რაც გუშინ მოხდა...

ჩვენ ყველამ ერთად რაც ვიხილეთ არის ის, რომ რუსთავში, ადამიანი რომელიც აცხადებს პრეტენზიას მერობაზე, იმაზე, რომ უნდა იყოს თითოეული რუსთაველის მერი, წარმომადგენელი, დამცველი და პრობლემების მომგვარებელი, არ აქვს მნიშვნელობა რომელ პოლიტიკურ პარტიას უჭერს ის ადამიანი მხარს, როდის იყო რეპრესირებული ან როგორი პრობლემები შეუქმნა მისმა გუნდმა მის ოჯახს, უნდა იყოს მისი ხმა და წარმომადგენელი, ასეთი ადამიანი, ძალადობს მოქალაქეზე, როდესაც ის მისთვის არასასურველ ისტორიას ყვება. ეს არის ის, რაც ვიხილე მე თქვენთან ერთად იმ ჩანაწერებში, რაც გავრცელდა. სამარცხვინოა, როდესაც პოლიტიკოსი ვერ იჩენ იმდენ თმენის ვალდებულებას და იმდენი არ შეგიძლია მოქალაქესთან ურთიერთობისას, რომ წიხლების რტყმაზე არ გადახვიდე...

ჩვენს შტაბებში, ოფისებში დადის ძალიან ბევრი ადამიანი, ჩვენ არ ვარღვევთ არც ერთ კანონს თუ ვინმე დასაქმებულია, არასამუშაო დროს შეუძლიათ ჩვენს გვერდით დგომა. თუ ეს ადამიანები ინციდენტის დროს იმყოფებოდნენ იმ პერიმეტრზე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი შტაბის ან ქართული ოცნების დაორგანიზებული იყო ეს. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს გვერდით დგას მთელი რუსთავი, ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდებით და მსგავს ინციდენტებში რომელიც პროვოცირებულია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან შეიძლება იყვნენ ჩვენი მეგობრები, ნაცნობები. რაც შეეხება კიდევ ჩვენს შტაბს, ძალიან აუგად, მარტივად და დაცინვით რომ მოიხსენიებს ბატონი დავით კირკიტაძე, ჩვენს გვერდით დგას ღირსეული ადამიანების ძალიან დიდი ჯარი, რომელსაც უნდა, რომ ამ ქალაქის განვითარება არ შევიდეს ჩიხში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქალაქი არ ჩაუვარდეს ხელში დავით კირკიტაძეს. კირკიტაძის რუსთავი არ ჭირდება არავის, რომელიც არის ამ ტიპის ძალადობით და ინციდენტებით სავსე, ეს არის მათი ხელწერა, ამას იყენებდნენ ძველ პერიოდში და აგრძელებენ დღესაც“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ბრიფინგზე.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები