ბავშვების ვაქცინაცია

2021-10-25 12:44:58

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ-ში, 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ვაქცინები, სავარაუდოდ, ნოემბრის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი.

„თუ ყველაფერი კარგად წავა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ვაქცინას დაამტკიცებს და მას რეკომენდაციას გაუწევს, სავსებით შესაძლებელია, ვიტყოდი, რომ ძალზე სავარაუდოა, რომ ვაქცინები 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ნოემბრის პირველ ნახევარში იქნება ხელმისაწვდომი“, - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ.

20 ოქტომბერს, თეთრმა სახლმა 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის გეგმა წარადგინა. ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ 5-დან 11 წლამდე ასაკის 28 მილიონი ბავშვის ვაქცინაციისთვის Pfizer-ის ვაქცინის საკმარისი დოზები შეიძინეს.

„მზად ვიქნებით, ვაქცინაცია დავიწყოთ, როგორც კი დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი საბოლოო რეკომენდაციას გასცემს“, - განაცხადეს თეთრ სახლში.

7 ოქტომბერს, კომპანია Pfizer-მა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციას (FDA) კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გადაუდებელი გამოყენების დამტკიცების თხოვნით მიმართა.

20 სექტემბერს, კომპანია Pfizer-მა განაცხადა, რომ კომპანიის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა (Pfizer/BioNTech) 5-დან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში უსაფრთხოა და ძლიერ იმუნურ პასუხს წარმოქმნის.

კვლევის ფარგლებში, Pfizer-მა და BioNTech-მა ორდოზიანი (10 მიკროგრამი) ვაქცინის რეჟიმი გამოსცადეს სამი კვირის ინტერვალით. კვლევის მონაწილეებმა ვაქცინაცია კარგად გადაიტანეს. ვაქცინამ ძლიერი იმუნური პასუხი წარმოქმნა, ხოლო გვერდითი მოვლენები 16-დან 25 წლამდე ასაკის ჯგუფში გვერდითი მოვლენების მსგავსი იყო.

მოზარდებსა და ზრდასრულებში გავრცელებული გვერდითი მოვლენები შემდეგია: დაღლილობა, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი, შემცივნება, ცხელება და გულისრევა.