საქართველოში სურსათის ბანკი შეიქმნება

2021-10-25 11:09:07

საქართველოში სურსათის ბანკის შექმნა იგეგმება. შესაბამის საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებაზე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გაეროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის ორგანიზაციასთან ერთად მუშაობს. ცვლილებები შეეხება როგორც რითეილ, ისე ჰორეკა სექტორს, რომელთაც საკვების არა ჩამოწერის და გადაყრის, არამედ დონაციის შესაძლებლობა მიეცემათ.

საუბარია სურსათის ბანკში ისეთი ტიპის პროდუქტების დონაციაზე, რომელსაც მალე გასდის ვადა, თუმცა ნაკლებ რისკიანია გამოყენებისთვის. უკვე გამოცდილი მოდელის მიხედვით, საკვები ბანკი ძირითადად რესტორნებთან, სასტუმროებსა და სუპერმარკეტებთან ითანამშრომლებს, რომლებიც წინასწარ განსაზღვრული ნუსხის მიხედვით, უვნებელ პროდუქტებს მიაწვდიან ბანკს. პირველადი დოკუმენტის მიხედვით, სურსათის ბანკის მენეჯმენტს არა სახელმწიფო, არამედ საქველმოქმედო ორგანიზაციები განახორციელებენ.

აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი ამბობს, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს როლი მხოლოდ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა და პროცესების შემდგომი მონიტორინგი იქნება, რათა კერძო სექტორმა საკვების დონაცია სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენოს. მისივე თქმით, სისტემაში მონაწილეობა კერძო სექტორისთვის ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა ამასთან ის წახალისებული იქნება შესაბამისი საგადასახადო რეჟიმით.

„2018 წლის მონაცემები გვაქვს, სადაც მუნიციპალიტეტი დაახლოებით 18 მილიონ ლარამდე ხარჯავს საკვების დონაციაზე და პარალელურ რეჟიმში მაგალითად ერთ-ერთი სუპერმარკეტების ქსელის ანალიზი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ დაახლოებით 3 მილიონ ევრომდე საკვები იყრება მხოლოდ იმიტომ, რომ არ არსებობს მოქნილი და შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირება ამ საკვების შემდგომ დონაციად გამოყენებასთან დაკავშირებით.

საუბარია მინიმალური რისკის საკვებზე, რომელთა ვარგისიანობის ვადა უახლოვდება დედლაინს და დროულად უნდა მოხდეს მათი გამოყენება. ამ პროცესის ეფექტიანად მართვა ჩვენ მოგვცემდა შესაძლებლობას, რომ ერთი მხრივ როგორც სარესტორნე, ისე ჰორეკა და სუპერმარკეტების ქსელში არსებული ამგვარი საკვები გამოგვეყენებინა დონაციისთვის“,-აცხადებს ნინო წილოსანი.

სურსათის ბანკის შექმნის შესახებ პირველადი დოკუმენტის განხილვები დაახლოებით 2 კვირის ვადაში იგეგმება. ცვლილებების ინიცირებას აგრარული კომიტეტი სავარაუდოდ მიმდინარე წლის ბოლომდე მოახდენს.