“ლიფტებით სარგებლობა რუსთავში იქნება უფასო” [video]

2021-10-21 11:27:10

“ახალი წლიდან რუსთავში ლიფტებით სარგებლობა იქნება უფასო”, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” რუსთავის მერობის კანდიდატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

როგორც ლაცაბიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მისი გამარჯვების შემთხვევაში, მანამ, სანამ რუსთავში ამორტიზირებული ლიფტების სრულად განახლება არ მოხდება, ლიფტის მომსახურების ხარჯებს ქალაქის მერია დაფარავს.

“ძველი ამორტიზირებული ლიფტების ახალი ლიფტებით სრულად ჩანაცვლებამდე, ჩემი მერობის პერიოდში, ბიუჯეტიდან დამატებით გამოიყოფა თანხები, რომ ახალი პროგრამის განხორციელება დავიწყოთ. პროგრამა განვახორციელებთ კორპუსის ამხანაგობებთან ერთად და ჩვენ შევძლებთ, რომ ლიფტების ელექტრო ენერგიის თანხა, რომლის აკრეფაც და შეგროვებაც ძალიან ხშირად უწევს სამეზობლოს, გადაიხადოს რუსთავის მერიამ. ასევე გავაუქმებთ ამ პროგრამის ფარგლებში, ამხანაგობებთან შეთანხმებით, ე.წ. ხურდის ჩასაყრელ ყუთებს და დავიწყებთ კიდევ უფრო აქტიურად ძველი ამორტიზირებული ლიფტების ახალი, ევროპული ლიფტებით ჩანაცვლებას. ამ ყველაფრისთვის რუსთავში შეიქმნება ლიფტების მერიის მომსახურების სერვისი”, - განაცხადა ლაცაბიძემ.

ლაცაბიძის განცხადებითვე, აღნიშნულთან დაკავშირებით მერია შეიმუშავებს დეტალურ პროგრამა, რის შემდეგაც საზოგადოებისთვის უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ცნობილი. 

კითხვაზე, როდის შეიძლება რუსთავში სრულად იყოს ჩანაცვლებული ამორტიზირებული ლიფტები, მერობის კანდიდატი პასუხობს, რომ ასეთი რუსთავში 1 200-მდე ლიფტია, რომელთა ჩანაცვლებაც საკმაოდ ხანგძლივი პროცესია.