"მოიმატა სეზონურმა ვირუსულმა ინფექციამ"

2021-10-21 14:59:06

რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში, სეზონური ვირუსული ინფექციების გამო, პაციენტთა მიმართვიანობა გაზრდილია.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ბავშვთა საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგემ, მარინა აბულაშვილმა განუცხადა.

ქალაქის ბავშვთა საავადმყოფოში, ამ ეტაპზე, 27 პაციენტი სტაციონარულ მკურნალობას გადის. მათგან 11 კოვიდინფიცირებულია, ხოლო 16 სხვადასხვა სეზონური ინფექციით დაინფიცირებული.

"მოიმატა, როგორც კოვიდებმა ისე სეზონურმა ვირუსულმა ინფექციამ. ამ დროისთვის ჩვენს საავადმყოფოში 27 პაციენტი წევს, მათგან 11 კოვიდია, დანარჩენი სეზონური ვირუსი და მის ფონზე განვითარებული ბრონქიტები და სხვადასხვა გართულება. ყველა არის საშუალო სიმძიმის. რამდენიმე პაციენტს აქვს ბრონქიტის მოვლენები, უფრო ძირითადად არიან კუჭნაწლავის მოქმედების გახშირებით",- განუცხადა "ინფო რუსთავს " მარინა აბულაშვილმა.

აბულაშვილის თქმით, დღიურად სამედიცინო დაწესებულებაში სეზონური ვირუსის გამო 12-მდე პაციენტი აკითხავთ და ელოდებიან მიმართვიანობის გაზრდას.