ტიკარაძე მარდალეიშვილის კლინიკაში განვითარებულ მოვლენებზე

2021-10-18 15:32:30

„რაც შეეხება შემთხვევას, ჩვენ უკვე გავრცელებულ ფაქტზე მოვახდინეთ რეაგირება. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ქალბატონი ადამიას ვიდეო, რეგულირების სააგენტო მივიდა ადგილზე, დღეს მათ დასკვნას გავეცნობი და შემდგომ უკვე თქვენ გაგაცნობთ“- ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი რუსთავში, მარდალეიშვილის კლინიკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს რელურად არ აქვს ბერკეტები იმასთან დაკავშირებით, რომ კლინიკებში მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს.

„სწორედ ამას ემსახურებოდა ის ინიციატივა, რომელიც ჯერ კიდევ ორი წლის წინ იყო პარლამენტში შეტანილი და რომელიც დღემდე არ არის განხილული. მნიშვნელოვანია, რომ ეს კანონი იყოს დროულად მიღებული, რადგან ჯანდაცვის სამინისტრო დგას მოპასუხედ საზოგადოების წინაშე, პაციენტების უსაფრთხოების დაცვის წინაშე და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს ყველა ის ბერკეტი, რომლითაც დაცული იქნება პაციენტების ინტერესი. ჩემთვის რთულად არის გასაგები, თუ რა უშლის ხელს ამ კანონის მიღებას, ეს კითხვები სხვაგან უნდა დაისვას“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსთავში, მარდალეიშვილის კლინიკაში, სადაც კოვიდპაციენტი გარდაიცვალა ხმაური იყო. გარდაცლილის ოჯახი ამტკიცებს, რომ პაციენტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც ის გარდაცვლილად გამოაცხადეს და უყურადღებოდ დატოვეს.

მას შემდეგ რაც ინფიცირებული პაციენტი დაიღუპა, კლინიკაში სხვა პაციენტების ოჯახის წევრებიც მივიდნენ და მათი ახლობლების სხვა საავადმყოფოებში გადაყვანა მოითხოვეს. ისინი ფიქრობენ, რომ მარდალეიშვილის კლინიკაში პაციენტებს სათანადო ყურადღებას არ აქცევენ.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციაც გამოიძახეს.