ამერიკაში მოგზაურობის წესები იცვლება

2021-10-18 13:53:10

8 ნოემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურების წესები იცვლება.

დღეს მოქმედი რეგულაციით, აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ ბინადრობის არ მქონე პირებს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში (თუნდაც ტრანზიტით) იმყოფებოდნენ შენგენის ქვეყნებში (26 ევროპული ქვეყანა), დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, ჩინეთში, ინდოეთში, ირანში, ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკაში.

თეთრი სახლის ახალი რეგულაციის თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში მყოფი პირები უნდა იყვნენ 2-ჯერ ვაქცინირებულები და წარადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.

ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყანაში დაიშვებიან პირები, რომლებიც აცრილი იქნებიან ვაქცინით, რომელიც დამტკიცებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოს მიერ, ან რომელიც არის ჯანმოს სიაში, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოყენების შესახებ.

ამ გადაწყვეტილებით, მოგზაურები, რომლებიც აიცრებიან "ასტრაზენეკათი", "სინოფარმითა" და "სინოვაკით" ქვეყანაში დაუბრკოლებლად შევლენ.

ასევე, დადასტურდა, რომ მოგზაურებს ქვეყანაში შესვლისას კარანტინის გავლა არ მოეთხოვებათ.