გორში ახალგაზრდა ქალი ქორწინების მიზნით მოიტაცეს. დაზარალებულის განცხადებით, ის სახლიდან იძულებით გაიყვანეს, მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და უმცროსი ძმის მოკვლით დაემუქრნენ.
23 წლის ქალი ამბობს, რომ გამტაცებლები მას გზაში ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მის შეყვარებულს კი ურეკავდნენ და ქალზე სექსუალური ძალადობის შესახებ უყვებოდნენ. ამის გარდა, ქორწინებაზე უარის შემთხვევაში, გამტაცებლები ქალს ოჯახის წევრების ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.
"ჩემი ნიშნობის მეორე დღეს საკუთარი სახლის ეზოს მიმიდებარე ტერიტორიიდან ორმა პიროვნებამ, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ ჩემი თავისუფლება აღკვეთეს, გამიტაცეს, მოტივი იყო, რომ მისი მეუღლე გავმხდარიყავი, ჩემზე ახორციელებდა როგორც ფიზიკურ, ასევე, სიტყვიერ შეურაცხყოფას, აბსოლუტურად არაადეკვატური იყო. დაზიანებები მქონდა ხელის არეში, ფეხის არეში, სახეზე გამარტყა ორჯერ. ამ ორმა ადამიანმა, რომელმაც ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, კანონის სრული სიმკაცრით უნდა აგოს პასუხი, - ამბობს დაზარალებული.
არსებული ინფორმაციით, საქმეში მონაწილე ერთმა პირმა საქართველო უკვე დატოვა.
ქალის გატაცებაში მხილებულები დანაშაულს არ აღიარებენ. ადვოკატები ამბობენ, რომ ერთ-ერთმა პირმა საქართველოს საზღვარი წინასწარ დაგეგმილი ვიზიტის გამო გადაკვეთა და მიმალვაში არ იმყოფება. უფლებადამცველი თამარ თედლიაშვილის მტკიცებით, მოტაცებას ადგილი საერთოდ არ ჰქონია.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება, მხარეები ვიმყოფებით მტკიცებულებების მოგროვების ეტაპზე. თავს დამნაშავედ არც ერთი არ გრძნობს და ეს პოზიცია ექნებათ ბოლომდე, იმიტომ რომ ასეთი რაღაცა ბუნებაში არ მომხდარა, მოტაცება რასაც ჰქვია. ბესიკი ისედაც მიდიოდა საზღვარგარეთ და შესაბამისად, წავიდა იქამდე, ვიდრე დაიწყებოდა გამოძიება. თუ იქნება საჭირო, ის თავის სიმართლის დასამტკიცებლად აუცილებლად ჩამოვა, - ამბობს ადვოკატი.