ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის ინფორმაციით, სკოლის უსაფრთხოებისთვის მასწავლებლების გარდა, მშობლების ვაქცინაციაც მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რა შეიძლება ამან მოგვიტანოს. ბავშვებს სოციალური კომუნიკაციები უჩლუნგდებათ. გაეროს ბავშვთა ფონდიც სთხოვს სახელმწიფოებს, რომ პირველი გახსენით სკოლა და ბოლო დაკეტეთ სკოლა. ჩვენთან პარადოქსია, რომ რესტორნები გახსნილი იყო და სკოლები - დაკეტილი. არ იქნება ეს დისკრიმინაცია, განათლების სამინისტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოარკვიონ, მშობლები სადაც აცრილები არიან, ასეთ ბავშვებს უნდა მისცენ ონლაინ დასწრება. აქ უნდა იყოს წამახალისებელი ნაწილი და ამით მივეხმაროთ ვაქცინაციის პროცესსაც, რომ მოტივაცია გავუზარდოთ მშობლებს. არ არის მარტო პედაგოგების ვაქცინაცია საკმარისი. ეს ბავშვები სახლებიდან მოდიან, სადაც მშობლები, ბებია-ბაბუა არიან აუცრელები" - განაცხადა კულუმბეგოვმა.
მან ასევე პირბადის გამოყენების საჭიროებაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბავშვების, ისევე როგორც ზრდასრულების ჯანმრთელობას პირბადის გამოყენება საფრთხეს არ უქმნის.
„ბავშვების მიერ პირბადის ტარება სანერვიულო არ არის. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნახშირორჟანგის მოლეკულური ზომა და პირბადის ზომა შეუთავსებელია. ნახშირორჟანგის არცერთი მოლეკულა ჩვენ უკან არ გვიბრუნდება. ბავშვის ჯანმრთელობას ეს არავითარ ზიანს არ აყენებს. კოვიდი უფრო საფრთხის მატარებელია, ვიდრე პირბადე,“ - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.