რუსთავის გასავლელში მომხდარ ინცინდენტზე გამოძიება დაიწყო

2021-10-15 20:12:40

"ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძეს თავს დაესხნენ, იყო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა ბრიფინგის დროს განაცხადა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

საუბარია რუსთავის გასასვლელში გუშინ მომხდარ ინცინდენტზე.

როგორც თავად "ევროპული საქართველოს" რუსთავის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვახტანგ ქებაძემ განაცხადა, ინციდენტში "ოცნების" აქტივისტები მონაწილეობდნენ.

„გუშინ მოვემგზავრებოდი თბილისისკენ. გაჩერებული ვიყავით რუსთავის გამოსასვლელთან, რამდენიმე თანმხლებ პირთან ერთად, გზის მეორე მხრიდან დაიძრნენ 50-70 მდე ადამიანი, რომლებმაც მოგვაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მანქანას დაუშინეს კვერცხები და ცოცხები. ჩვენ ამოვიცანით მათი ვინაობა. ესენი იყვნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები, მათ შორის იყო გიორგი თაბუკაშვილი ზედმეტსახელად „დოღრიალა“, რომელიც კოორდინირებას უწევდა ძალადობრივი ჯგუფების ქმედებას“, - განაცხადა ვახტანგ ქებაძემ.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს.