"უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ გავათავისუფლოთ"

2021-10-15 18:18:17

"ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ის გავათავისუფლოთ ციხიდან", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, ლიზა იასკომ რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან ვიზიტის შემდეგ განაცხადა.

უკრაინის რადას დეპუტატი სააკაშვილის სანახავად ციხეში უკვე მესამედ იმყოფებოდა. რამდენიმე საათიანი ვიზიტის შემდეგ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააკაშვილი გუშინდელი დღის გამო ქართველი ხალხის ძალიან მადლობელია.

"ძალიან ვწუხვარ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უკვე 15 დღეა რაც შიმშილობს და ძალიან დასუსტებულია. სამწუხაროა, რომ მის პირად ექიმს არ აძლევენ საშუალებას, მოინახულოს. დროულად უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა. მადლობას უხდის ქართველ ხალხს გუშინდელი დღისთვის, მისთვის ძალიან მნშვნელოვანი იყო გუშინდელი დღე. მან თქვა, რომ გავიგე ქართველი ხალხის ხმა, რომელიც ჩემთვის არის ძალიან ემოციური და იმედია, რომ ამაზე არ გაჩერდებიან.

მე პირადად მინდა, შეწყვიტოს შიმშილობა და იყოს თავისუფალი. ძალიან ბევრი საქმე დატოვა კიევში, კომფორტული ცხოვრება და ჩამოვიდა საქართველოში იმის გამო, რომ მას ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი ხალხი. ვფიქრობ, ყველაზე მთავარი ესაა. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ის გავათავისუფლოთ ციხიდან. ამ მომენტისთვის არ აპირებს შიმშილობის შეწყვეტას, აცხადებს, რომ ეს არის მისი ბრძოლის ხერხი, რომლითაც აჩვენებს, რომ არ არის დამნაშავე. ძალიან კარგია, როდესაც ხედავს, რომ ქართველ ხალხს აქვს მისი იმედი", - განაცხადა იასკომ.