რუსთავის ციხეში ხანძარი მსხვერპლით დასრულდა

2021-10-15 11:56:14

ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილი ამბობს, რუსთავის N17 ციხეში, სადაც გუშინ ხანძარი გაჩნდა, ერთი პატიმარი მეორის გადასარჩენად შევიდა, თუმცა ძლიერი დაკვამლიანების გამო ორივე გარდაიცვალა.

როგორც ის აღნიშნავს, პატიმრები საავადმყოფოში შეყვანისას, სავარაუდოდ, უკვე გარდაცვლილები იყვნენ.

"ერთ-ერთი პატიმარი, რომლის სახელს და გვარს ვერ დავასახელებ, შევარდა შიგნით მეორე პატიმრის გადარჩენის მიზნით, სამწუხაროდ იქიდან ვეღარ გამოვიდნენ ძლიერი კვამლის გამო. სხვა დაშავებულების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ", - თქვა მან.

რუსთავის მე-17 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გაჩენილი ​ხანძრის შედეგად 2 პატიმარი - 40 წლამდე და 50 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ პატიმრების გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინვე გავრცელდა, თუმცა მთელი ღამის განმავლობაში უწყება ამ ინფორმაციას არ ადასტურებდა და ამბობდა, რომ განცხადებას დღეს გაავრცელებდა. მათ ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ განცხადება და მხოლოდ პატიმრების გარდაცვალება დაადასტურეს.

ხანძართან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

გუშინ, 14 ოქტომბერს, რუსთავის სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში ხანძარი 14:20 საათზე, სამზარეულოში გაჩნდა. სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის ის ციხე, რომელშიც საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმყოფება. ის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია.