ხმაური რუსთავის საკრებულოს სხდომაზე [video]

2021-10-12 20:17:56

რუსთავის საკრებულოს სხდომაზე ხმაური იყო. [ვიდეო/video]

ერთმანეთს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნანა შატბერაშვილი და რუსთავის ქონების მართვისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო სოსელია დაუპირისპირდნენ.

მათს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ნინო სოსელიას კომენტარს მოყვა, რომელმაც განაცხადა, რომ მიწები, რომელსაც რუსთავის მერობის საერთო ოპოზიციური კანდიდატი მოსახლეობას პირდება, არ არსებობს და ამის რესურსი ქალაქს არ გააჩნია. თუკი ასეთი მიწების ჩვენებას რუსთავში ნაციონალური მოძრაობის წევრები შეძლებენ, მაშინ ის მზადაა ბოდიში მოიხადოს.

"თქვენ ქალბატონო ნანა თუ მაჩვენებთ სადმე 10 000 კაცს რომ დაუკანონდეს მიწის რესურსს, რისთვისაც საჭიროა 600 ჰექტრამდე, მე თქვენ საქვეყნოდ მოგიხდით ბოდიშს და ავწევ ორივე ხელს.

თქვენ თუ ახალი ხართ და არ იცით, 25 წელია ვმუშაობ რუსთავის მერიის ქონების სხვადასხვა სამსახურში და ზეპირად ვიცი, რა რესურსი გააჩნია ქალაქს. რუსთავს მიწის რესურსი რომ არ ჰქონდა გარდაბნიდან, მარნეულიდან, თეთრიწყაროდან მოვითხოვეთ მიწები და სწორედ ის გავანაწილეთ მოსახლეობაზე. ასე რომ ფიზიკურად რუსთავს მიწა არ აქვს.

რაც შეეხება ბატონი კირკიტაძის გამოსვლას, როდესაც თქვა, რომ იშხნელს და ბადრი მაჭავარიანს მათ დროს დაუკანონდათ მიწები, თქვენს დროს კი არ დაუკანონდა ქალბატონო ნანა, ესეც მოტყუებაა მოსახლეობის, ამ მოქალაქეებს ჰქონდათ ძალიან ადრე რეფორმის დროს განაწილებული ეს მიწები და უბრალოდ მოხდა ის, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრაცია მოუწიათ მაგ პერიოდში. საჯარო რეესტრში რეგისტრაცია ხორციელდებოდა 2003-წლამდეც, 2012-ის მერეც. ეს არ არის ნაციონალური მოძრაობის დამსახურება",- განაცხადა სოსელიამ.

ნანა შატბერაშვილმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ სოსელიას ბოდიშის მოხდა მოუწევს, რადგან მათ აღნიშნული მიწები ნინო სოსელიას მისთვის სასურველ ნებისმიერ დროს შეუძლია აჩვენოს.

"ცოტა თანმიმდევრულები რომ ვიყოთ, სიმართლე გითხრათ იმ 25 წელს ქონების მართვაში რომ მოღვაწეობდით მაგას ნამდვილად დაგიდასტურებთ და მეც დაგემოწმებით, რომ რუსთავს ახსოვს თქვენი მოღვაწეობა, როგორ ახსოვს ამაზე ცალკე ვისაუბროთ და არც მაგისი პრობლემა არ მექნება.

ქალბატონ ნინოს ნამდვილად მოუწევს ბოდიშის მოხდა. შეუძლია ეს ბოდიში ან დღესვე მოიხადოს, ან ხვალ. რუკაზე კი არა ტერიტორიას გაჩვენებთ. რომელ საათზეც გაწყობთ თქვენ გაჩვენებთ ამ მიწებს და თქვენ აუცილებლად მოგიწევთ ბოდიშის მოხდა",- უპასუხა ნანა შატბერაშვილმა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები