ურთიერთბრალდებები რუსთავის საკრებულოში [video]

2021-09-12 20:01:38

რუსთავის საკრებულოში "ქართული ოცნებისა" და "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრებმა ერთმანეთი ამომრჩეველის ზეწოლაში, მოსყიდვასა და დაშინებაში დაადანაშაულეს. [ვიდეო/video]

მე-6 მოწვევის საკრებულოს 51-ე სხდომა თავმჯდომარემ, ნინო ქავთარაძემ ამომრჩევლისთვის მადლობის გადახდით დაიწყო და მის კოლეგებს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

საკრებულოში ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნანა შატბერაშვილი ნინო ქავთარაძის მადლობას შეუერთდა და განაცხადა, რომ მიუხედავად ქართული ოცნების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლის, მოსყიდვისა და დაშინების ფაქტებისა ოპოზიციურმა პარტიამ რუსთავში გამარჯვება მაინც შეძლო.

"მადლობა მინდა გადავუხადო აბსოლუტურად ყველა იმ ამომრჩეველს, განსაკუთრებით რუსთაველებს, რომლებმაც ზეწოლის, მოსყიდვისა და არაერთი დაშინების ფაქტის მიუხედავად მაინც შეძლეს დამდგარიყვნენ მოწოდების სიმაღლეზე და  ხმა მიეცა ჩვენი ქალაქისა და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. მეორე ტურისთვის იმედი მაქვს, რომ უფრო მეტი დამაჯერებლობით გაიმარჯვებს ოპოზიცია და თქვენც მინდა მოგიწოდოთ, ყველა შემოგვიერთდეთ, ერთად გავაგრძელოთ ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის ბრძოლა და შრომა",- განაცხადა შატბერაშვილმა.

საპასუხოდ "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ამომრჩევლის მოსყიდვა და დაშინება ხორციელდებოდა არა ქართული ოცნების არამედ ოპოზიციური პარტიების მხრიდან.

"დაგეთანხმებით იმაში, რომ ჩვენს ქვეყანასა და თითოეულ ჩვენგანს სჭირდება მეტი მობილიზება, რომ მეორე ტურში რეალურად დავინახოთ, თუ ვის სასარგებლოდ გააკეთა ხალხმა არჩევანი. ძალიან ვაფასებ თითოეულ ჩვენს ამომრჩეველს, ვინც მოვიდა და ზუსტად ძალადობისა და დაშინების ფონზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა ოპოზიციური პარტიების მხრიდან და მათ მაინც გააკეთეს არჩევანი იმ პარტიის სასარგებლოდ, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ძალიან მეამაყება ჩემი კოლეგების, რომლებიც მომავალ საკრებულოში გააგრძელებენ საქმიანობას",- უპასუხა ნინო ქავთარაძემ შატბერაშვილს.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები