"მნიშვნელოვანია პედაგოგებისა და სკოლის პერსონალის აცრა"

2021-10-12 11:17:43

არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს, მოსწავლეებს. აგრეთვე, იმ მშობლების, რომელთაც სახლში ჰყავთ ბავშვები ან თუნდაც ასაკოვანი ოჯახის წევრები და არ ზრუნავენ ვაქცინაციაზე, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პედაგოგებისა და სკოლის პერსონალის აცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.

„გადამწყვეტია მშობლების და ინსტიტუტების პერსონალის აცრა. ბევრმა ქვეყანამ შემოიღო პედაგოგების სავალდებულო აცრა და პედაგოგები, რომლებიც არ არიან აცრილი, არ უშვებენ სასწავლო დაწესებულებაში. ჩვენთან იყო მცდელობა, უბრალოდ მოისინჯა ნიადაგი საზოგადოებაში, პედაგოგების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მკვეთრი უარი განაცხადა. ესეც დაუშვებელი და არაჯანსაღი მიდგომაა. მე არ მესმის იმ პედაგოგების, რომლებიც უარს ამბობენ ვაქცინაციაზე და ამით საფრთხის ქვეშ აყენებენ თავიანთ აღსაზრდელებს, მოსწავლეებს. აგრეთვე, იმ მშობლების, რომელთაც სახლში ჰყავთ ბავშვები ან თუნდაც ასაკოვანი ოჯახის წევრები და არ ზრუნავენ ვაქცინაციაზე“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.