"სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება, შემდეგ დატოვეს ადგილი"

2021-10-11 11:40:52

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდების მხარე აცხადებებს, რომ დაკავებულმა მუშებმა იცოდნენ მოსალოდნელი საფრთხის შესახებ, სცადეს კედლების გამაგრება, თუმცა შემდეგ შემთხვევის ადგილი დატოვეს.

როგორც ალექსანდრე ძირკვაძე ამბობს, საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით.

"გასათვალისწინებელია ის ფაქტობრივი გარემოებაც, რომ 8 ოქტომბერს, როცა დილის საათებში ბრალდებულები აღნიშნულ ფართში სამუშაოს გასაგრძელებლად მივიდნენ, შენიშნეს, რომ კედლებს მოძრაობა ჰქონდა დაწყებული. სცადეს აღნიშნული კედლების გამაგრება რკინის კონსტრუქციებით, თუმცა, შემდეგ დატოვეს შემთხვევის ადგილი. აქედან გამომდინარე, ის ფაქტი, რომ მოცემულ სახლებში განხორციელდა ე.წ. საყრდენი კედლების დემონტაჟის სამუშაოები, დადასტურებულია მოწმეთა ჩვენებით და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმებით," - განაცხადა პროკურორმა.

ბრალდების მხარე ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული სამივე პირის მიმართ პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.