სამი კვირის წინ ე.წ. ჩალაუბნის ტეკის მიმდებარე ტერიტორიიდან გაუჩინარებული დედოფლისწყაროში მცხოვრები 35 წლის ლევან ბეჟაშვილი გარდაცვლილი ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულშია ნაპოვნი. ერთ-ერთი ვერსიით, გარდაცვლილის ცხედარს მოქალაქეებმა მიაგნეს და პოლიციას შეატყობინეს.
ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
ცნობისთვის, სამაშველო სამსახურების გარდა დაკარგულ მამაკაცს დედოფლისწყაროში შექმნილი მოქალაქეთა მოხალისეობრივი ჯგუფიც ეძებდა.
"17 სექტემბერს დამირეკა თბილისიდან და მითხრა, რომ ტელეფონი დაკარგა, ამიტომ სხვების ტელეფონით მეკონტაქტებოდა. 19-შიც დამირეკა და მითხრა, რომ ტაქსით მოდიოდა დედოფლისწყაროში. მერე ჩალაუბნის ე.წ ტეკიდან დამირეკა, რომ ტრანსპორტს ელოდებოდა დასაბრუნებლად. მას შემდეგ მისი კვალი ქრება. ვეძებთ ყველგან, ჩვენც პოლიციაც, სამაშველოც, მეგობრებიც მაგრამ არსად ჩანს"-აღნიშნავდა დაკარგულის დედა, ნათელა ბუჩუკური.