რუსთავში 4 საარჩევნო უბანი ხელახლა გადაითვალეს

2021-10-10 12:52:04

რუსთავის N20 საოლქო საარჩევნო კომისიაში მე-4, 24-ე, 29-ე და 45-ე საარჩევნო უბნები გაიხსნა და შედეგები ხელახლა გადაითვალეს.

როგორც საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, ხათუნა გოშაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, გადათვლის შემდეგ არსებული შედეგები არ შეცვლილა.

"ერთ შემთხვევაში უფრო დაბალანსდა ყველაფერი. მაგალითად 29-ე უბნის შემთხვევაში პროპორციულის ნაწილში გადაჯგუფდა რაოდენობები. 9-ის მაგივრად 10, 15-ის მაგივრად 16. რაც იყო ოქმებში დისბალანსი რომ დავითვალეთ გასწორდა. მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც შედეგზე აისახებოდა, არ ყოფილა. უბნებზე, რომლებიც გავხსენით, ბათილები ზუსტად დაჯდა. ბათილი ბიულეტენის ზუსტად ის რაოდენობა დაჯდა რაც იყო, ყველა უყურებდა ამას და იღებდნენ. აღნისნული უბნები იყო საიას მხრიდან გასაჩივრებული",- განაცხადა ხათუნა გოშაძემ.

გადათვლის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საოლქო საარჩევნო კომისიაში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლის, კახა ქეშიკაშვილის განცხადებით, განსახილველი უბნების შერჩევა "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით მოხდა და საარჩევნო უბნები რომლებზეც, მათი აზრით პრობლემები იყო, განზრახ არ განიხილეს.

"გადათვლების შემდეგ არაფერი შეცვლილა. პრაქტიკულად იგივე დარჩა, კირკიტაძეს მოემატა 2 ხმა. მაგრამ თვითონ საჩივრები იყო შერჩევით, წინასწარ დაგეგმილი, თუ რომელ უბნებს განიხილავდნენ. ეს უბნები იყო გასწორებული და გაწკრიალებული. რაღაცა მასკარადი დადგეს, რომ თითქოს თანამშრომლობენ, საჩივრებს იხილავენ. ფარსი იყო, არ იყო გულწრფელი ნება, რომ განეხილათ უბნები, სადაც მართლა პრობლემა იყო. რამე შენიშვნა რომ გვქონდა იწყებდნენ ყვირილს. არაფრის მომცემი პროცესი იყო. დააკანონეს ის სიყალბე, რაც ამ არჩევნებზე გააკეთეს. ყველაფერი იყო დაგეგმილი, კონკრეტული უბნები აიღეს ქართულ ოცნებასთან შეთანხმებით და არა ის უბნები, სადაც პრობლემა იყო და რომელზეც მოთხოვნა ჰქონდა ოპოზიციას,"- განაცხადა კახა ქეშიკაშვილმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები