მაშველებმა ნანგრევებიდან ახალშობილი ამოიყვანეს

2021-10-08 13:21:05

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 7 სართულიანი კორპუსი ჩამონგრევის მიზეზის რამდენიმე ვერსია ვრცელდება.

რა გახდა შენობის ნგრევის მიზეზი ამ დრომდე ოფიციალური ვერსია უცნობია. ადგილობრივების თქმით, ინციდენტამდე მათ აფეთქების ხმა გაიგეს, რაც შესაძლოა გაზის გაჟონვით იყო გამოწვეული, რასაც შესაძლოა შემდგომში შენობის ნგრევა მოჰყოლოდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორპუსის მე-6 სართულზე მიმდინარეობდა რაღაც ტიპის დაშენება და სწორედ ეს გახდა ნგრევის მიზეზი, თუმცა ეს არაოფიციალური ინფორმაციაა.

კიდევ ერთი ვერსიით, აღნიშნული კორპუსი იყო დაზიანებული. ამასთან დაკავშირებით, ბათუმის მერიამ განმარტა, რომ კორპუსი ავარიული არ ყოფილა და იყო საცხოვრებლად ვარგისი.

მაშველებმა ბათუმში, შენობის ნანგრევებიდან რამდენიმე ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.

მათ, შორის არიან ბავშვები, ერთ-ერთი ახალშობილია.

ახალშობილი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ამ დროისთვის კლინიკაში გადაჰყავთ.
ამ ეტაპზე უცნობია კიდევ რამდენი ადამიანი რჩება ნანგრევებში. ასევე უცნობია, არის, თუ არა მსხვერპლი.

ცოტახსნის წინ განცხადება გაავრცელა შსს-მ რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა სამაშველო და საპოლიციო ძალების მობილიზება, ასევე, ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.

პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს.

ამ დროისთვის, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.

შემთხვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, შემოსაზღვრულია ტერიტორია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.