ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია განმარტავს, თუ ვინ აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 12-დან 15 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ ეტაპზე, 12-15 წლის მოზარდების კატეგორიაში აცრის გადაწყვეტილება ინდივიდუალურ საფუძველზე მიიღება.
„რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ბავშვების აცრის რეკომენდაციას გავცემთ მხოლოდ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვებისთვის ამ ეტაპზე. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბევრმა ქვეყანამ მიიღო ფართო ვაქცინაციის გადაწყვეტილება ამ ასაკობრივ ჯგუფში, ჩვენ პირველ ეტაპზე შევჩერდით მხოლოდ ქრონიკული დაავადებების 12-დან 15 წლამდე ბავშვებზე. აქაც იკვეთება ჯგუფები, ვისაც სჭირდება ხშირი მოგზაურობა, ან სხვა ქვეყანაში ჩაიტარა უკვე ვაქცინაცია და მეორე დოზა აქვს ჩასატარებელი საქართველოში დაბრუნების შემდეგ. რა თქმა უნდა, მათი მოთხოვნებიც ინდივიდუალურ საფუძველზე იქნება გათვალისწინებული და დაკმაყოფილდება“, - განაცხადა გაბუნიამ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ დელტამ ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში მკვეთრად შეცვალა, ამიტომ ბევრმა ქვეყანამ მაისიდან 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაიწყო ვაქცინაცია.
"ჩვენ დღეს იმუნიზაციის საბჭოს შევთავაზეთ ე.წ. გერმანული მოდელი, რომელიც გულისხმობს, პირველ ეტაპზე, განსაკუთრებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვების ვაქცინაციას, ეს არის ის შემთხვევები, როდესაც ინფიცირების შემთხვევაში დაკავშირებულია ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების მაღალ რისკთან. ეს არის თანდაყოლილი ანომალიები ნერვული სისტემის, ეს არის სხვადასხვა ქრონიკული დაავადება - გულის, ღვიძლის, თირკმლის და ა.შ.
ასე რომ, პირველ ეტაპზე, ქვეყანა დაიწყებს ვაქცინაციას რისკის ჯგუფებში და შემდეგ კიდევ ერთხელ შეიკრიბება იმუნიზაციის საბჭო და გადაწყვეტს, გაფართოვდება თუ არა ეს ჯგუფები," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.