სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ, ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლის ღონიძიებების შედეგად, ფსიქოტროპული წამლების უკანონო მიმოქცევის ფაქტები გამოავლინა.
სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისსა და ბათუმის აფთიაქებში, სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან, 6 000-მდე მედიკამენტი ამოიღეს. მათ შორის, საკონტროლო შესყიდვის პროცედურის განხორციელებისას, 5 აფთიაქში, სპეციალური რეცეპტის გარეშე, შეიძინეს ფსიქოტროპული მედიკამენტები. დამატებით, 6 შემთხვევაში კი გამოვლინდა, უკანონო ფარმაცევტული საქმიანობა, აფთიაქის ნებართვის გარეშე.
ჩატარებული კონტროლის ღონისძიებების შედეგად, ასევე გამოვლენილი იქნა სანებართვო პირობების დარღვევის - 3 და ფარმაცევტული პროდუქტის აღრიცხვის წესის დარღვევის - 11 ფაქტი.
ყველა გამოვლენილ შემთხვევაში შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლებიც განსახილველად თბილისისა და ბათუმის საქალაქო სასამართლოებში გადაიგზავნა.