"ჩვენთვის ჯერ პირველადი მნიშვნელობისაა ცესკოს რეაგირება საჩივრებზე და შემდეგ ვისაუბრებთ მეორე ტურში შესაბამის რეაგირებასა და კანდიდატების მხარდაჭერაზე",- ასე უპასუხა ბექა ლილუაშვილმა "ინფო რუსთავის" კითხვას, რუსთავში მერობის არჩევნების მე-2 ტურში მხარდაჭერას დავით კირკიტაძეს გამოუცხადებს, თუ ნინო ლაცაბიძეს.
ლილუაშვილი, რომელმაც არჩევნებზე 6,81% აიღო, აცხადებს, რომ ორმა ოქტომბერმა რუსთავში დარღვევებით ჩაიარა და ახლა პარტიის " გახარია საქართველოსთვის" მთავარი ამოცანა მათი მხარდამჭერების ინტერესებისა და ხმების დაცვაა.
"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისთვის. ყველასთვის ცნობილია, რომ ჩვენს მომხრეებზე მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში ზეწოლები მიმდინარეობდა და ეს იყო უპრეცედენტოდ სისტემური ხასიათის ზეწოლა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ შრომასა და ბრძოლას საქართველოსთვის. რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, 2 ოქტომბერს ჩვენ 250-მდე დარღვევის ფაქტი დავაფიქსირეთ.
შესაბამისად დღეს პარტიისთვის მთავარი ამოცანაა მხარდამჭერების ინტერესებისა და ხმების დაცვა. დაველოდებით ცესკოს საბოლოო მონაცემებს და შემდეგ უკვე შევხედავთ, რამდენად მოახდინა ცესკომ რეაგირება ჩვენს საჩივრებზე",- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა "ინფო რუსთავთან" საუბრისას.
ცნობისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების მიხედვით, რუსთავში 50%+1-ის ზღვრის გადალახვა მერობის ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო, რის გამოც მეორე ტური გაიმართება.
არჩევნების მე-2 ტურში მონაწილეობას საერთო ოპოზიციური კანდიდატი დავით კირკიტაძე და "ქართული ოცნების" კანდიდატი ნინო ლაცაბიძე მიიღებენ.