"რუსთავში არჩევნები მიმდინარეობს საკმაოდ მძიმე დარღვევებით" [video]

2021-10-02 16:21:44

პოლიტიკური პარტიის "გახარია საქართველოსთვის" რუსთავის მერობის კანდიდატის, ბექა ლილუაშვილის, განცხადებით რუსთავში საარჩევნო პროცესები მძიმე დარღვევების ფონზე მიმდინარეობს.

ამის შესახებ ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ ყველა უბანზე აქტიურად ვართ ჩართული საარჩევნო პროცესში და, ბუნებრივია, ვაკვირდებით არჩევნების მიმდინარეობას.

რუსთავში უბნების გახსნის მომენტიდან არჩევნები მიმდინარეობს საკმაოდ მძიმე დარღვევებით. ამ დროისთვის გამოვლენილია სხვადასხვა სახის დარღვევა. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დარღვევაა კამერების ისეთ ადგილად განთავსება, რომელიც პირდაპირ უყურებს საარჩევნო კაბინას და, შესაბამისად, ხდება თავისუფალი არჩევანის გათქმის საფრთხე.

ასეთი სიტუაცია გამოვლენილია მრავალ უბანზე. ჩვენი წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებულია შესაბამისი საჩივარი, თუმცა მიუხედავად ამისა, სამწუხაროდ, მდგომარეობა არაა გამოსწორებული.

როგორც ჩანს, ქართულმა ოცნებამ, რომელიც ორიენტირებული ძალაუფლების შენარჩუნებაზე, ამ არჩევნებზე დაინახა რეალური საფრთხე და რაღაცა ახალი მეთოდების გამოყენებას მიჰყო ხელი.

კერძოდ, უბნებზე მობილიზებულია ქართული ოცნების პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც არიან აღჭურვილები ყურსასმენებით და ახდენენ რეგისტრატორების მიერ გახმოვანებული სახელებისა და გვარების გადაცემას თავიანთ პარტიული წარმომადგენლებისთვის, რათა მიაწოდონ ინფორმაცია ვინ გამოცხადდა საარჩევნო უბანზე. რეგისტრატორებს, როგორც ჩანს, აქვთ ინსტრუქცია, რომ ხმამაღლა გამოაცხადონ მისული ამომრჩევლის სახელი და გვარი. არის დარღვევები 100 მეტრიან დისტანციასთან დაკავშირებით, სადაც ხდება კონკრეტული მობილური ჯგუფების ორგანიზება სხვადასხვა მიზნისთვის, დაწყებული ამომრჩეველთა მობილიზების კუთხით, დამთავრებული ამომრჩეველზე გავლენების მოხდენით.

იყო მარკირების პროცედურის წესების დარღვევა. დაფიქსირდა რამდენიმე ფაქტი, როდესაც მარკირების სითხის ჭურჭლის მიზანმიმართულად დაზიანდა, რის შემდეგაც დაუდგენელი გახდა, თუ რა სითხით განხორციელდა მარკირების პროცედურა",- განაცხადა ლილუაშვილმა.