"ფორმულას" ჟურნალისტი, სალომე ჩადუნელი ზუგდიდიდან იუწყება, რომ მას საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე, როცა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, აგრესიულად განწყობილი პირი ელექტროშოკით დაემუქრა. სალომე ჩადუნელის თქმით, ეს პირი ამბობდა, რომ იყო სპორტსმენი დავით ქირია და მის გარდა აგრესიულად იყო განწყობილი სხვა ჟურნალისტების მიმართაც. ქირია სალომე ჩადუნელისგან ტერიტორიის დატოვებას ითხოვდა.
სალომე ჩადუნელმა მომხდარის შესახებ აცნობა სამართალდამცველებს, ზუსტდება მუხლი, რომლითაც გამოძიება დაიწყო.
"ჩვენ პირდაპირ ეთერში ვმუშაობდით, კადრებს ვიღებდით. გადაღების დროს ყველაფრისთვის მზად ვართ, მათ შორის, ფიზიკური დაპირისპირებისთვისაც, მაგრამ ელექტროშოკი ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. მე თავად დავინახე ელექტროშოკი და დენის წყარო. მან თქვა, რომ არის სპორტსმენი დავით ქირია", - თქვა ჩადუნელმა "ფორმულას" ეთერში პირდაპირი ჩართვისას.
სალომე ჩადუნელზე თავდამსხმელი დააფიქსირა ტვ პირველის კამერამაც.