"რუსთავი არ დაემონება ოლიგარქს"

2021-10-02 11:36:21

გაერთიანებული ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატმა დავით კირკიტაძემ N79 საარჩევნო უბანზე ხმა მისცა.

კირკიტაძის განცხადებით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ რუსთავის მასშტაბით სხვადასხვა უბანზე ფიქსირდება დარღვევები.

"რუსთავში სხვადასხვა უბნიდან შემოდის დარღვევების შესახებ ინფორმაცია. ერთი ეს არის ფარულობის დარღვევა. დილიდან ადამიანები საჯაროდ აცხადებდნენ იმ პირების გვარებს, ვინც საარჩევნო უბანზე მოდიოდა და გადასცემდნენ ქართული ოცნების შტაბს.

ბევრ ადგილას შეინიშნებოდნენ ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებიც ახდენენ გავლენას ამომრჩეველზე. ასევე დარბიან სიებით, საარჩევნო უბნებზე და საცხოვრებელ ტერიტორიებზე.

რაც შეეხება ჩემს არჩევანს, საიდუმლო არაა მე ვის დავუჭერდი მხარს და დარწმუნებული ვარ ასე მოიქცევა რუსთავი, რადგან ეს ქალაქი არ დაემონება ოლიგარქს",- განაცხადა დავით კირკიტაძემ.