მიხეილ სააკაშვილის წერილი ციხიდან

2021-10-02 09:57:48

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხიდან წერილს ავრცელებს და მხარდამჭერებს მიმართავს.

სააკაშვილის შეფასებით, გამარჯვება მოქალაქეების ხელშია. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ასევე მოუწოდებს ყველას მივიდნენ არჩევნებზე და არ გატყდნენ.

მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ ამბობს რომ  მისი საქართველოში ჩამოსვლა კარგად გააზრებული იყო და ის მზად იყო ყველა სცენარისთვის.  

მესამე პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოს მოქალაქეებზეა დამოკიდებული ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა.

"ჩემო ძვირფასო თანამებრძოლებო და ჩემო საყვარელო სათაყვანებელო ქართულო საზოგადოება, როდესაც ყველაფერი მივატოვე კიევში და აქ ჩამოვედი ვიცოდი, რომ დიდი ალბათობით დამაკავებდნენ, სრულიად მოგონილი, ყალბი განაჩენებით, რომლებიც თავის დროზე მათ შორის პუტინის დაკვეთით გამომიტანეს. მსოფლიოს არცერთი ქვეყანა რუსეთის გარდა ამ განაჩენს არ აღიარებს, მაგრამ მე მაინც ჩამოვედი, ვინაიდან მჯერა ჩემი ქვეყნის და თითოეული თქვენგანის.  ძალიან მინდა გთხოვოთ, ხვალ ყველანი მიხვიდეთ არჩევნებზე, რათა არ დაიკარგოს არცერთი ხმა და ამის შემდეგ ყველამ ერთად დავიცვათ რეფერენდუმის შედეგები. ჩემი თავისუფლება და რაც ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანია საქართველოს თავისუფლება მთლიანად დამოკიდებულია თქვენს აქტივობაზე და ბრძოლისუნარიანობაზე უახლოეს დღეებში. ამაზეა ასევე დამოკიდებული საერთაშორისო მხარდაჭერა. გთხოვთ არ შედრკეთ, ბოლომდე ვირწმუნოთ, რომ ჩვენი გამარჯვება ჩვენსავე ხელშია, მიყვარხართ თქვენი ერთგული მიხეილ სააკაშვილი"