რუსთავში ყველა საარჩევნო უბანი გაიხსნა

2021-10-02 09:57:03

რუსთავში 88-ვე საარჩევნო უბანი უკვე გახსნილია.

როგორც რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა აღნიშნა, პროცესი ყოველგვარი შეფერხების გარეშე წარიმართა და პირველ ამომრჩეველს 08:00 საათიდან ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა.

"საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 88-ვე საარჩევნო უბანი გახსნილია. 7-დან 8 საათამდე კანონის შესაბამისად ჩატარდა წილისყრები, გამოვლინდა, თუ რომელმა კომისიის წევრმა რა ფუნქცია უნდა შეასრულოს. 8 საათზე უკვე გაიხსნა უბნები და დავხვდით პირველ ამომრჩეველს. მიდის ამომრჩეველთა მოსვლა. საარჩევნო კომისიამ ყველა ის მნიშვნელოვან საკითხზე მოახდინა რეაგირება და არის შესაბამისი ზომები მიღებული, იმისთვის, რომ ამომრჩევლის უსაფრთხოება ჯანმრთელობის მხრივ, კოვიდოპანდემიიდან გამომდინარე, იყოს დაცული შესაბამისი ზომებით უბნებზე, აგრეთვე ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომ დაცული იყოს მისი ფარულობაც. მინდა მოვუწოდო, მობრძანდნენ და გააკეთონ თავიანთი არჩევანი.

მთლიანად, ჯამში, 106 895 ამომრჩეველია დარეგისტრირებული რუსთავში", - განაცხადა გაგა აფციაურმა.

აფციაურის ინფორმაციითვე, 88 საარჩევნო უბნიდან 4 სპეცუბანია, აქედან 3 პენიტენციურ დაწესებულებაშია გახსნილი, 1 კი კოვიდინფიცირებულთათვისაა.