სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, რუსთავის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილი შიმშილობას აცხადებს.ამასთან, როგორც ლომჯარიამ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე უკრაინის კონსულთან შეხვედრას ითხოვს. სახალხო დამცველის თქმით, სააკაშვილის ინფორმაციით, დაკავების დროს სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია და მის წინააღმდეგ ძალა არ გამოუყენებიათ.
„როდესაც შევედი, ის იმყოფებოდა ექიმებთან, გადიოდა სამედიცინო შემოწმებას, შემდეგ მოგვეცა შესაძლებლობა გავსაუბრებოდით საკანში. მაინტერესებდა, როგორი იყო დაკავების გარემოებები, ხომ არ იყო არასათანადო მოპყრობა ან ძალის გადამეტების ფაქტი, ხომ არ ჰქონდა სხეულზე დაზიანებები. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, ის დააკავეს დღეს, თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში. მისი თქმით, იმყოფებოდა მარტო, დააკავა პოლიციამ. არ გაუწევია წინააღმდეგობა, შესაბამისად, დაკავების დროს და შემდგომ ძალა გამოყენებული არ ყოფილა. აღნიშნავს, რომ მოპყრობა იყო დამაკმაყოფილებელი. ასევე ჯანმრთელობის მიმართულებითაც განსაკუთრებული საჭიროებები არ აქვს. აცხადებს შიმშილობას და როგორც უკრაინის მოქალაქე ითხოვს უკრაინის კონსულთან შეხვედრას“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ლომჯარიას განცხადებითვე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და არ ეთანხმება იმ განაჩენს, რაც მის მიმართ არის გამოტანილი.
„როგორ შემოვიდა საქართველოში, რა გზებით ამაზე არ სურს, რომ ვისაუბრო და არც ჩვენ გვისაუბრია. არ შევეხეთ სიღრმისეულად ამ ფაქტს.
როგორც ის აცხადებს, დაკავების დროს მარტო იყო, ძალა არ ყოფილა გამოყენებული. როგორც ამბობს, თავად გააღო კარი და არ გაუწევია წინააღმდეგობა. რაც შეეხება შიმშილობის გამოცხადებას, ის არ ეთანხმება იმ მსჯავრს, რომელიც მის მიმართ არის გამოტანილი და თავს მიჩნევს პოლიტიკურ პატიმრად“,- აღნიშნავს ლომჯარია.