რუსთავში რაგბის აკადემია აშენდება [photo/video]

2021-09-28 15:54:33

რუსთავში, ჭყონდიდლის დასახლებაში რაგბის აკადემია აშენდება.

პროექტის შესახებ პრეზენტაცია ჭყონდიდლის დასახლებაში ძველი რაგბის სტადიონზე გაიმართა, სადაც შეკრებილები იყვნენ რაგბის კავშირის ხელმძღვანელი, პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდული საკითხთა კომიტეტის წევრები, რუსთაველი დეპუტატი ალექსანდრე დალაქიშვილი, სპორტსმენები და ადგილობრივი მოსახლეობა.

რაგბის კავშირის ხელმძღვანელის იოსებ ტყემალაძის განცხადებით, წლის ბოლომდე დასრულდა პროექტირება და სავარაუდოდ 2 წელიწადში ჭყონდიდლის დასახლებაში რაგბის აკადემია აშენდება. მისი თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ, აკადემია 300-დან 500-მდე რაგბისტის აღზრდას შეძლებს.

"პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მხარდაჭერით დავიწყეთ გრანდიოზული პროექტის განვითარება, რომელიც მოიაზრებს 45 ლოკაციაზე 100 სარაგბო მოედანს და რუსთავი განუყოფელია ამ განვითარების. დიდი კულტურა და ისტორია აქვს რაგბის, ამ მოედანზე ლეგენდები  არიან დაზრდილები.

ვფიქრობ, უახლოეს ორ წელიწადში აქ უნდა იყოს გამართული მოედანი. სტატისტიკა გვაქვს უმძიმესი ბავშვების სპორტში ჩართულობის და ამით უნდა გავზარდოთ. ადგილობრივებმა იციან, რა მნიშვნელობა აქვს მოწესრიგებულ ბაზას, სადაც აღვზრდით ჩვენს სანატრელ თაობას.

ვიმედოვნებთ, რომ
ისინი მთელი მსოფლიოს მასშტაბით გვასახელებენ
",- განუცხადა ინფო რუსთავს იოსებ ტყემალაძემ.

ტყემალაძის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის სავარაუდოდ 2-3  მილიონი ლარი დაიხარჯება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები