რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციური კანდიდატის, ნინო იმედაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არჩევნებში გაიმარჯვებს, აპირებს , რომ ე.წ. კუკუშკას ტერიტორიაზე არსებულ ბავშვთა გასართობ სივრცეს ძველებური ფუნქცია დაუბრუნოს.
მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ახალი საბავშვო მატარებლისა და სხვადასხვა გასართობი ატრაქციონის მოწყობას გეგმავს.
"საბავშვო მატარებლის მოწყობა ჟიული შარტავას სახელს უკავშირდება და დღეს ეს ადგილი არის გავერანებული, მიტოვებული, მატარებელი მოპარული. ჩვენი გეგმაა, რომ აღვადგინოთ საბავშვო მატარებელი, ამ სივრცეს დავუბრუნოთ ძველი ფუნქცია, მოვაწესრიგოთ და დავუმატოთ სხვა საბავშვო ატრაქციონები. ჩვენი გეგმაა, ამ სივრცეს დავუბრუნოთ ძველი ფუნქცია. ჟიული შარტავას ჰქონდა გეგმა, რომ უფრო გაეფართოებინა და სხვა საბავშვო კუთხეები მოეწყო, სამწუხაროდ ვერ მოესწრო და ჩვენ გვინდა, რომ ეს გავაკეთოთ.
ჩვენ არ ვიგონებთ ახალ ველოსიპედს, ამ ადგილს ჰქონდა საბავშვო-გასართობი ფუნქცია და გვინდა მისი დაბრუნება. რუსთავს აქვს ინფრასტრუქტურული ბიუჯეტი, რომელიც, ჩემი აზრით, იხარჯება და უხარისხოდ კეთდება ის საქმე, რაც რუსთავს ინფრასტრუქტურულ ბიუჯეტში აქვს გაწერილი. 154 მილიონი აქვს ქართულ ოცნებას ინფრასტრუქტრულ პროექტებში დახარჯული, მაგრამ ამის ადეკვატურ პროპორციას ქალაქზე ვერ ვხედავ",- განუცხადა "ინფო რუსთავს" ნინო იმედაშვილმა.
ნინო იმედაძის განცხადებით, საბავშვო მატარებლისა და სხვადასხვა გასართობი ატრაქციონების მოსაწყობად საჭირო იქნება დაახლოებით 7-8 მილიონი ლარი.