მარდალეიშვილის კლინიკა რუსთაველ ბავშვებს დაეხმარა [photo]

2021-09-25 12:45:27

მარდალეიშვილის სახელობის სამედიცინო ცენტრი რუსთაველ ბავშვებს დაეხმარა.

კლინიკის ხელმძღვანელმა კოტე მარდალეიშვილმა სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა შვილებიც წელს პირველად შევიდნენ სკოლაში, პლანშეტები, წიგნები, ტკბილეულობა და ფულადი დახმარება გადასცა.

"ჩვენი დაწესებულება საკმაოდ ხშირად ატარებს ჰუმანიტარულ ღონისძიებებს. ეს არ არის მარტო დახმარებების გაწევა, არამედ ჩვენ ჩავდივართ რაიონებში, ვეხმარებით იქაურ ექიმებს, ვსინჯავთ პაციენტებს.

გადავწყვიტეთ, რომ სოციალურად დაუცველებსა და მრავალშვილიან ოჯახებს, რომელთა შვილებიც მიდიოდნენ სკოლაში წელს, დავხმარებოდით.

ბავშვებისთვის შევიძინეთ პლანშეტები, გადავეცით წიგნები, რომლის საშუალებითაც განათლებას მიიღებენ. გავუწიეთ ფულადი დახმარება, რათა შეიძინონ ტანისამოსი",- განაცხადა კოტე მარდალეიშვილმა.

ღონისძიებას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლში, შოთა რეხვიაშვილიც, რომელიც აცხადებს, რომ მარდალეიშვილის კლინიკა სხვებისთვის მისაბაძი მაგალითი უნდა გახდეს.

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ კოტე მარდალეიშვილს, რომელმაც ძალიან სწორედ შერჩეული ბენეფიციარები დააჯილდოვა...

ეს არის კიდევ ერთი კარგი და სწორი მაგალითი წარმატებული ბიზნესისთვის, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს მომავალი თაობისათვის. სააღმზრდელო და სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სოციალური მიმართულებით დახმარებისთვის. ეს ნამდვილად არ არის ზედმეტი და ასეთი ინიციატივები ყოველთვის არის მისაბაძი და წასახალისებელი",- განაცხადა რეხვიაშვილმა.

მარდალეიშვილის კლინიკა საერთო ჯამში 7 ბავშვს დაეხმარა.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები