"სოლიდარობა მედპერსონალს" [photo]

2021-09-23 14:13:17

რუსთავის სამშობიარო სახლის წინ ლოზუნგით "სოლიდარობა მედპერსონალს" საპროტესტო აქცია გაიმართა.

აღნიშნული წარწერით, სამოქალაქო აქტივისტებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა სამშობიარო სახლის წინ შავი ნაჭერი მიიტანეს, გარდაცვლილი ექიმის, ვასილ მენთეშაშვილის ხსოვნისთვის პატივის მისაგებად სანთლები დაანთეს და შავი ფერის კვამლი გაუშვეს.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პროფკავშირების წარმომადგენელმა, გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, მენთეშაშვილი სახელფასო დავალიანებასთან დაკავშირებულმა ნერვიულობამ იმსხვერპლა.

"ჩვენ შევიკრიბეთ და პატივისცემას გამოვხატავთ ბატონი ვასილ მენთეშაშვილის მიმართ, რომელსაც 25 თვის ხელფასი ჰქონდა ასაღები. ამ კლინიკის დირექტორმა უარი განაცხადა დავალიანების გადახდაზე და მეორე დღეს ინფარქტით გარდაიცვალა ეს ადამიანი. ზუსტად ეს მიანიშნებს იმას, რომ ბარავკოვი იქცევა უპასუხისმგებლოდ და ამაზე პასუხისმგებელი უნდა გახდეს. შრომის ინსპექციას მოვუწოდებთ, რომ შემოვიდეს აქ", - განაცხადა ტყემალაძემ.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის თქმით, ალექსანდრე ბარავკოვი 21-ე საუკუნეში ეწევა მონათმფლობელობას.

"მინდა, იცოდნენ სახელმწიფო სტრუქტურებმა, შეიძლება ვიღაცა ასეთ ბიზნესებს წაუყრუებს რაღაცას, მაგრამ ჩვენ, პროფკავშირები რეაგირებას მოვახდენთ ყველაფერზე. ეს უკვე საშინელებაა, როცა 21-ე საუკუნეში, ალექსანდრე ბარავკოვი ნერგავს მონათმფლობელურ წყობილებას. სხვა არაფერი არ ქვია უფულოდ მუშაობას, რასაც საბოლოო ჯამში შეეწირა ადამიანის სიცოცხლე. იცოდეს ალექსანდრე ბარავკოვმა და ყველამ, ვისაც ევალება, რომ ამ ბიზნესს გარკვეული რეგულაციების შესრულება მოსთხოვოს, რომ ეს იქნება მონაგონი, არ მოვასვენებთ უბრალოდ, სანამ ბოლო თეთრამდე არ იქნება გადახდილი სახელფასო დავალიანება სრულად. მედპერსონალს მინდა მოვუწოდო, გააქტიურდნენ. არიან ჩუმად, რადგან სამსახურის დაკარგვის შიში აქვთ", - აცხადებს დოლაბერიძე.

ტერიტორიაზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა კლინიკის ადმინისტრაციამ, თუმცა რა მიზეზით, უცნობია, მათ არც აქტივისტებთან შეხვედრა და არც მედიასთან საუბარი არ ისურვეს. 

აღსანიშნავია, რომ ბრალდებებთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ, "ინფო რუსთავს" საშუალება ჰქონდა ალექსანდრე ბარავკოვი ჩაეწერა.

როგორც სამშობიარო სახლის დირექტორმა აღნიშნა, ბრალდებები ცრუა და ის აპირებს მკვლელად მოხსენიებისთვის პროფკავშირების წარმომადგენელს, გიორგი ტყემალაძეს სასამართლოში უჩივლოს.

ბარავკოვის ამ განცხადებიდან გამომდინარე, აქციის მონაწილეები ტყემალაძისთვის სოლიდარობის გამოხატვის მიზნით, სამშობიარო სახლის წინ სკანდირებდნენ "ბარავკოვო, შენ ხარ მკვლელი".

შეგახსენებთ, 56 წლის ასაკში მეან-გინეკოლოგი ვასილ მენთეშაშვილი გარდაიცვალა. ის 30 წლის განმავლობაში რუსთავის სამშობიარო სახლში მუშაობდა. პროფკავშირების ინფორმაციით, მას 25 თვის ხელფასი აუღებელი ჰქონდა, რის გადახდაზეც კლინიკის ადმინისტრაციამ უარი უთხრა, ნერვიულობის ნიადაგზე კი ინფარქტი განუვითარდა, რამაც მისი სიცოცხლე იმსხვერპლა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები