პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" რუსთავის ორგანიზაციის ხელმძღვანელი პაპუნა პაპავა იმ რუსთაველებს შეხვდა, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები არ აქვთ.
პაპავას განცხადებით, ამ ადამიანებმა საცხოვრებელი სახლები ობიექტური მიზეზების გამო დაკარგეს და მუნიციპალიტეტი მათთვის დახმარებაზე უარს აცხადებს.
მისი თქმით, რუსთავის მერია ვალდებულია გამოყოს თანხა, რომ უსახლკაროდ დარჩენილ პირებს გადასცეს საცხოვრებელი სახლი ან უქირავოს შესაბამისი ფართი.
"ჩვენ შევკრიბეთ რუსთაველები, რომლებიც ამ ხელისუფლებამ მიატოვა და გაწირა. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ არანაირი საცხოვრისი, ვერ იხდიან ვერც ქირის თანხა. რაც მნიშვნელოვანია, ეს ადამიანები სახლის გარეშე დარჩნენ ობიექტური მიზეზების გამო და არ არის მათი პირადი მიზნებისთვის გაყიდული უძრავი ქონება. მათი უმეტესობა არის სოცდაუცველი, ქულების გადანაწილებაც ცუდად ხდება და ეს სისტემა ვერც სახელმწიფოში და ვერც რუსთავში ვერ გაიმართა. უამრავია ადამიანი არის ქულებთან დაკავშირებით პრობლემებში, რადგანაც შეფასება ხდება არასწორად. ფაქტობრივად ადამიანს არანაირი საცხოვრისი პირობა არ უნდა ჰქონდეს, რომ მან რაღაცა კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. ამ ადამიანებს კომუნიკაცია ჰქონდათ მერიასთან, თუმცა მათ უარი განუცხადეს ნებისმიერი საცხოვრისის გადაცემაზე.
რაც მნიშვნელოვანია, საკრებულოს კანონში შავით თეთრზე წერია, საკრებულო ვალდებულია რომ ასეთ ადამიანებს ან გადასცეს რაიმე საცხოვრისი, ან უქირაოს რაიმე ფართი, რათა მათ არ მოუწიოთ ღია სივრცეში ცხოვრება. მაგალითისთვის, იგივე ხდება თბილისში, სადაც დაახლოებით 300 ლარია გამოყოფილი მათთვის, ვისაც არ აქვს საცხოვრისი, რომ ელემენტარული თავშესაფარი ჰქონდეთ.
ასევე ბოლნისშია გამოყოფილი 150 ლარი, ბათუმში 400 ლარი. ერთადერთი ქალაქია რუსთავი, სადაც ხალხს ეუბნებიან, რომ ბიუჯეტი არ არის ამხელა პრემია-დანამატების ფონზე, ამ ადამიანებისთვის არ გამოიძებნა ელემენტარული თანხა, რომ ღია სივრცეში არ ცხოვრობდნენ. ჩვენ გვინდა, ამ ადამიანებს დავპირდეთ, რომ როდესაც საკრებულოში გავალთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რასაც დავაყენებთ, ამ ადამიანების საცხოვრისებით დაკმაყოფილება იქნება",- განუცხადა "ინფო რუსთავს" პაპუნა პაპავამ.