ირინა მელქაძემ ლიტერატურული კარიერა 38 წლის ასაკში გამოცემული წიგნით — "თუთის სურნელით" დაიწყო. მარტივი ენითა და გულწრფელად დაწერილმა ნაწარმოებმა, ასევე მარტივად მოახერხა მკითხველის გულის მოგება.
სანამ რუსთავის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორს რომანის ავტორად გაიცნობდნენ, იგი თავისი ლექსებით, ჩანახატებითა და მოთხრობებით იყო ცნობილი.
რაც შეეხება "თუთის სურნელს", ნაწარმოები ეხება სიყვარულს, რომელიც ჩვენს ყოველდღიურ, რეალურ ცხოვრებას აღწერს. ამ წიგნში სიყვარულის განვითარების ყველა ეტაპია აღწერილი.
"ეს არის ამბავი სიყვარულისა, რომელიც შესაძლოა მეტად ბანალურ, თუმცა ჩვენს ყოველდღიურ რეალურ სიუჟეტს მოიცავს. ამასთან მასში წარმოდგენილი პერსონაჟები, მაღალი მორალის ადამიანები, ცდილობენ ამოხსნან ცხოვრების მთავარი ამოცანა - სიცოცხლე და ცხოვრება დაამთხვიონ ერთმანეთს. პასუხი გასცენ კითხვას “რა სურს ამ ქვეყნად ადამიანს?” ეკამათებიან ბედს და მოიკრიბონ ძალები, დაქიაქებულნი შეგროვდნენ, რათა არ შეუშინდნენ, არ დანებდნენ, არ დაეცნენ", - ამბობს ავტორი.
ახალგაზრდა მწერალი საკუთარი შემოქმედებით ცდილობს მკითხველისთვის სიყვარულის არსი უფრო ხელშესახები გახადოს.
"ამბავი კაცთა შორის უმთავრეს ღირებულებაზე დგას - სიყვარულზე. ისევე როგორ რწმენა, იმედი და სიყვარულია წარმმართველი კაცობრიობის და ამათგან უპირატესი სიყვარულია.
თუთის სურნელი, აზიარებს ამბავს, მისი მტყუან-მართლობით. სადღაც მკითხველი პოულობს კიდეც ამ ფრაზას “ სად მთავრდება ტყუილი, სად იწყება სიმართლე…” ნაწარმოები თავიდან ბოლომდე გაჯერებულია დიდსულოვნებით, რომელიც მის მთავარ გმირს, გიორგის ღირსეულად დააქვს ხან მთაში და ხანაც ზღვის პირას.
აი, ძირითადი კითხვა კი “ ვინ ხარ შენ ადამიანი ფაქტი თუ ადამიანი ამბავი?..” მუდმივ საფიქრალად მიჰყვება ადამიანებს.
ვფიქრობ თუთის სურნელით გაბრუებული მკითხველი ძლიერი ემოციით შეიგრძნობს პერსონაჟთა გულის ძახილს", - ამბობს ირინა მელქაძე ინფო რუსთავთან.
ავტორი ნაწარმოებში "თუთის სურნელი" გვიჩვენებს, თუ რამდენად რთულია თანამედროვე სამყაროში, გიყვარდეს და უყვარდე, თუმცა ამასთანავე, იმასაც გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ნამდვილ სიყვარულს ადამიანი სრულიად შეცვალოს.
რომანში წარმოდგენილი პერსონაჟებით, ირინა მელქაძე ცდილობს ამოხსნას ცხოვრების მთავარი ამოცანა და პასუხი გასცეს კითხვას "რა სურს ამ ქვეყნად ადამიანს?!"