რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეობის საერთო ოპოზიციურმა კანდიდატმა, ნინო იმედაშვილმა სპეციალური ბრიფინგი გამართა.
როგორც იმედაშვილმა პარტია "ლელოს" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსთავის ბიუროკრატიული ხარჯი 4,8 მილიონი ლარით გაიზარდა.
"მაშინ როდესაც პანდემიის მძიმე დარტყმამ გაზარდა სიღარიბე, იუნისეფის კვლევით 21-დან 24%-მდე საერთო სიღარიბე, ბავშვთა სიღარიბე 31-დან 38%-მდე, უპრეცედენტოა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც დახმარებას ითხოვს. ნახევარმა მილიონმა ადამიანმა მიიღო შემწეობა 2020 წლის აგვისტოში, რაც 14%-ით მეტია პანდემიამდე პერიოდთან. რუსთავში 4,8 მილიონით იზრდება ბიუროკრატიის ხარჯი და ამის მეათედამდე არ ზრდიან სოციალურ დახმარებებს. ყველა ვითხოვდით სახელმწიფოსგან შეექმნა ქმედითი და დამატებითი მექანიზმები სოციალური დახმარებისთვის და პასუხი იყო, რომ ბიუჯეტის შესაძლებლობებიდან გამომდინარე კეთდებოდა მაქსიმუმი. თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება თუნდაც რუსთავის მაგალითზე. ჩვენ გავაანალიზეთ პანდემიამდე და პანდემიის შემდეგ ბიუროკრატიის ხარჯები და ის გაზრდილია 4 მილიონ 800 ათასი ლარით. გაზრდილია შტატებიც. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ერთპარტიული მმართველობა იქნება", - განაცხადა იმედაშვილმა.