ქვეითდება თუ არა ახალაცრილი ადამიანის იმუნიტეტი აცრიდან ერთი- ორი კვირა
სპეციალისტების შეფასებით, ზემოთ აღნიშნული არც ერთ მოსაზრებას სინამდვილესთან კავშირი არ აქვს.
"უკვე მერამდენე პაციენტი მეუბნება, რომ ვიღაცეები ურჩევენ, ვაქცინის შემდეგ მოერიდოს გარშემომყოფებს. თავიდან მეგონა, რომ ეს რჩევა იმით იყო ნაკარნახევი, რომ ვაქცინირებული ადამიანი მაშინვე არ არის დაცული და ინფიცირების რისკი კვლავ აქვს. თუმცა ბოლოს გავარკვიე, რომ ზოგს სჯერა, ვაქცინირებული ადამიანი შეიძლება საშიში იყოს გარშემომყოფებისთვის, ანუ თვითონ დაიწყოს ვირუსის გამოყოფა. ზოგჯერ ეს ადამიანები იკეთებენ PCR-ს და როცა შედეგი დადებითია, გონიათ, რომ ეს სწორედ ვაქცინის გამოა. სინამდვილეში ეს ნიშნავს, რომ ადამიანი ინფიცირდა კორონავირუსით. ამ შემთხვევაში ვაქცინა PCR-ის დადებით შედეგს, ცხადია, ვერ გამოიწვევს", - დაწერა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა.
ჯანდაცვის საკითხების ექსპერტის აკაკი ზოიძის თქმით, ვაქცინაციის საწინააღმდეგო მითებს მხოლოდ არასამედიცინო განათლების მქონე პირები არ ავრცელებენ, ხშირად, სიცრუის ტირაჟირებაში ნებსით თუ უნებლიედ, თავად მედიკოსებიც იღებენ მონაწილეობას.
"არა მხოლოდ მითების ძირითად წყაროში - სოციალურ მედიაში მხვდება ასეთი მოსაზრებები, არამედ პირად საუბრებშიც. არაერთ ადამიანს უთქვამს ჩემთვის, რომ მას შემდეგ, რაც ვაქცინა გაიკეთა, სამედიცინო პერსონალმა გააფრთხილა, რომ ორი კვირა მორიდებოდა ხალხმრავალ ადგილებს. იმ მიზეზით, თითქოს იმუნიტეტი ამ პერიოდში დაქვეითებულია. ამ მოსაზრების ვითომდა გასამყარებლად ისინი იშველიებენ ახალაცრილი პირების დაინფიცირების ფაქტებს. მართლაც არ არის იშვიათი, როცა ახალაცრილ ადამიანს კოვიდი უდასტურდება, მაგრამ ეს ძირითადად ორ შემთხვევაში ხდება: პირველი - ადამიანებს ჰგონიათ, რომ რახან ვაქცინა გაიკეთეს 100%-ით არიან დაცულები და არ იცავენ წესებს, მეორე - თუ მათ ჰქონდათ ინფიცირებლ ადამიანთან კონტაქტი ვაქცინის გაკეთებამდე, ან მის შემდეგ უახლოეს პერიოდში, ისინი ჩვეულებრივ ინფიცირდებიან, როგორც სხვა აუცრელი პირები. ხშირია შემთხვევები, როდესაც ადამიანები თვითონ აცრის მომენტში, რიგში დგომისას ინფიცირდებიან, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათად, ვაქცინაციის რიგში, მოსაცდელ ოთახებში არ არის შესაბამისი დისტანცია და პირობები დაცული", - ეუბნება Ambebi.ge-ს აკაკი ზოიძე.
ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას თქმით, სტატისტიკურად მსოფლიოში არც ერთი ფაქტი არ არსებობს, რომელიც ვაქცინის შესახებ გავრცელებულ მითებს ოდნავ მაინც გახდიდა სარწმუნოს. მისი შეფასებით, ზემოთ ხსენებული ცრუ მოსაზრებები ანტივაქსერული პროპაგანდის ნაწილია და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვთ.
"სტატისტიკურად, არც ერთი ასეთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა მსოფლიოში, რაზეც ეს მითები საუბრობენ. ამიტომ ის არის აშკარა ტყული. ნებისმიერი ვაქცინა, რაც კი არსებობს, მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანის არსებული იმუნური სისტემა კიდევ უფრო გააძლიეროს და მოამზადოს გარედან შემოუსლ ინფექციასთან საბრძოლველად.
მითი, რომ თითქოს აცრიდან პირველი ორი კვირა იმუნიტეტი ქვეითდება, სათავეს შეიძლება იღებდეს ვაქცინის გაკეთების შემედეგ გამოვლენილი გარკვეული არასასიამოვნო მოვლენების ფაქტებიდან, როგორიცაა ტემპერატურა, სახსრების ტკივილი, ზოგადი სისუსტე და ა. შ., მაგრამ ეს არ არის იმუნიტეტის დაქვეითების მაჩვენებელი, ესაა ნორმალური ადამიანის ნორმალური პასუხი ვაქცინის ორგანიზმში მოხვედრაზე. ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ იმუნიტეტი ძლიერდება, მუშავდება ანტისხეულები და ორგანიზმი უფრო კარგად ებრძვის ინფექციას.
სავარაუდოდ, ეს მოსაზრებები ანტივაქსერული პროპაგანდის ნაწილია, ამიტომ მოსახლეობას ვურჩევ, რომ მიიღონ გადამოწმებული, მეცნიერულად დამოწმებული ინფორმაციები კონპეტენტური პირებისგან", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა.