თურქეთში "მიუ" შტამის შემთხვევები დადასტურდა

2021-09-08 10:58:24

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი, ფაჰრეტინ კოჩა ადასტურებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მიუ ვარიანტის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული სააგენტო Daily Sabah-ი ავრცელებს.

შტამი, კოდით B.1.621, რომელსაც ბერძნული ანბანის მე-12 ასოს სახელი ეწოდა, პირველად კოლუმბიაში 2021 წლის იანვარში დაფიქსირდა. WHO-მ “საინტერესო ვარიანტების” (VOI) სიაში ის 30 აგვისტოს შეიტანა.

ორგანიზაციის განმარტებით, ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებიც ვაქცინებისადმი რეზისტენტობის გამოვლენის რისკზე მიუთითებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად საჭიროა კვლევების ჩატარება.

კოლუმბიაში მიუ ვარიანტი გამოვლენილი შემთხვევების 39%-ს შეადგენს, თუმცა, ჯანმოს განცხადებით, გლობალურად მისი გავრცელება 0.1%-მდე შემცირდა.

კოლუმბიაში აღმოჩენის შემდეგ, მიუ შტამი დაფიქსირდა სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებსა და ევროპაში.