ჯანმო კორონავირუსის ახალ, „მიუ“ ვარიანტს აკვირდება

2021-09-06 12:31:39

კორონავირუსის ახალი - "მიუ" ვარიანტი სერიოზულად უნდა აღვიქვათ, თუმცა ის ჯერ კიდევ არ წარმოადგენს საფრთხეს - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა.  

"COVID -19-ის ახალ, "მიუ" ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებმაც შესაძლოა, გარკვეული ანტისხეულების, მათ შორის ვაქცინებისგან შექმნილი ანტისხეულების დაცვას გვერდი აუარონ. "მიუ" ვარიანტის მუტაციებზე საბოლოო დასკვნისთვის საჭირო საკმარისი კლინიკური მონაცემები არ არსებობს და ამჟამად პირდაპირ საფრთხედ არ განიხილება, თუმცა COVID -19-ის  ყველა ვარიანტი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული. ამ ვარიანტზე შეერთებულ შტატებში აქტიური დაკვირვება მიმდინარეობს," - განაცხადა ფაუჩიმ.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ ვარიანტს აკვირდება, რომელსაც ბერძნული ანბანის ასოს, „მიუს“ სახელწოდება აქვს მინიჭებული.

ჯანმო-ს ინფორმაციიით, კორონავირუსის აღნიშნული ვარიანტი, რომელიც მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621, ამჟამად კლასიფიცირებულია როგორც "ინტერესის ვარიანტი".

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განმარტავს, რომ B.1.621-ს აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ კოვიდ-19-ის ვაქცინებისადმი რეზისტენტობის რისკს და ამის გამო, მის უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევების ჩატარება გახდა საჭირო.

„მიუ“ ვარიანტი ჯერჯერობით სამხრეთ აფრიკისა და ევროპის ქვეყნებშია დაფიქსირებული.