როგორ მიმდინარეობს არჩევნებისთვის მზადება რუსთავში

2021-09-03 12:44:33

"#20 რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში, კანონის შესაბამისად, 2 სექტემბერს, არჩევნებამდე 1 თვით ადრე უფლებამოსილება დაეწყოთ უბნის კომისიებს და შესაბამისად, 84-ვე საარჩევნო უბანი გახსნილია", - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" რუსთასვის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.

აფციაურის თქმით, უბნებზე უკვე გამოკრულია კედლის სიები, ასევე, მაქსიმალურადაა დაცული კოვიდრეგულაციები.

"გადაცემული აქვთ უბნებს საარჩევნო აბრები, რაც მთავარია, კედლის სიები, საჯარო ვერსია და ნებისმიერ ამომრჩეველს შეუძლია გადაამოწმოს როგორც თავისი, ასევე თავისი ოჯახის წევრის არსებობა სიაში და უზუსტობის შემთხვევაში, მიმართოს საუბნო საარჩევნო კომისიას, ან საოლქო საარჩევნო კომისიას.

ყველა კოვიდრეგულაცია დაცულია. თუ მოხდა ისეთი პრეცენდენტი, რომ აუწია ვიიღაცას სიცხემ, დაფიქსირდა 37 გრადუსი და 5 წუთის შემდეგ კიდევ დაუფქისირდა იგივე ტემპერატურა, პარტიებს მათ მიერ დანიშნულ წევრებზე იმ დღესვე შეუძლიათ ცვლილება განახორციელონ. ასეთმა პირმა უნდა დატოვოს საარჩევნო უბანი, შემდეგ უკვე ვუკავშირდებით პარტიას და ელექტრონულად უნდა დაგვინიშნონ ახალი წევრი. უბანს ვაწვდით იმ პიროვნების ვინაობას და სადაცაა გამოკლებული წევრი, ის უკვე თავისი პირადობით მიბრძანდება, რომ უბანი იყოს შევსებული", - განაცხადა აფციაურმა.

მისივე თქმით, უფლებამოსილების შეწყვეტა ითხოვა საუბნო საარჩევნო კომისიის რამდენიმე წევრმა.

"უბანზე არჩეულმა წევრებმა შემოიტანეს განაცხადები, მათ აქვთ შესაძლებლობა დააფიქსირონ, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ შეძლებენ დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც განიხილავს საოლქო საარჩევნო კომისია და შეუწყვეტს უფლებამოსილებას, გამომდინარე იქიდან, რომ საოლქომ რომ არ შეუწყვიტოს, კანონის თანახმად, 2 დღის ვადაში ისედაც უწყდებათ. ნაკლულად არ დავტოვებთ უბანს, ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, რომ შეივსოს საუბნო საარჩევნო კომისიები", - განაცხადა აფციაურმა.  

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები