სადარბაზოების რეაბილიტაციის პროგრამები რუსთავში

2021-09-03 18:35:16

თუკი თქვენი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო რეაბილიტაციას საჭიროებს, ამისთვის რუსთავის მერიის (ა)იპ "რუსთავის კორპუსის" სამსახურს უნდა მიმართოთ.

სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად სამსახურს 2 პროგრამა აქვს.

პირველი "ინიციატივების პროგრამაა", რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას სამშენებლო მასალები გადაეცემა, ხოლო სამუშაოების შესრულებაზე თავად მოსახლეობამ უნდა იზრუნოს.

როგორც მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელმა, დავით ხაჩიძემ საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" განუცხადა, ამ პროგრამისთვის 2021 წლის ბიუჯეტიდან 46 500 ლარი გამოიყო, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას 18 მისამართზე სამშენებლო მასალები გადაეცა, ასევე მოხდა 10 000 ლარის ღირებულების მასალების შეძენა მარაგისთვის.

მეორე თანადაფინანსების პროგრამაა. სადარბაზოს რემონტისთვის მუნიციპალიტეტი 90%-იან წილში შედის, ხოლო რემონტისთვის საჭირო 10% ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა იხდის.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის იანვრიდან დღემდე სარეაბილიტაციო სამუშაოები 12 მისამართზე ჩატარდა. პროექტისთვის, მუნიციპალიტეტიდან საერთო ჯამში 128 687 ლარი დაიხარჯა. დავით ხაჩიძის განცხადებით, ამ დროისთვის გამოცხადებულია 328 000 ლარის ღირებულების მოცულობითი ტენდერი.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები