ექიმი გიორგი ღოღობერიძე ქალბატონისათვის მტკივნეულ პრობლემაზე, ცელულიტზე და მისი მკურნალობის მეთოდებზე საუბრობს.
ყველა ქალბატონისათვის მტკივნეულ პრობლემაზე, ცელულიტზე ვისაუბრებთ. ცელულიტი ქალების მოუგვარებელი პრობლემაა, ბევრ ქალს 18-20 წლის ასაკიდან ბარძაყის, მუცლის და დუნდულოს მიდამოში უჩნდება ცელულიტი, რომელიც მათში გულის ტკენას იწვევს. მამაკაცებში ცელულიტი იშვიათია. რამდენიმე დღის წინ “ამერიკის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ” ახალი მედიკამენტი დაამტკიცა ცელულიტის სამკურნალოდ.
რა იწვევს ცელულიტს? ცელულიტს იწვევს ბევრი ჭამა, თუმც აუხეშად რომ არ გამოვიდეს, დაწვრილებით ავხსნათ.
როდესაც ვიკვებებით, ტვინი გამოიყოფს უამრავ ბედნიერების ჰორმონს, ენდორფინს. თუმცა ენდორფინის გარდა გამოიყოფა დიდი ოდენობით ლეპტინიც, რომლის ხარჯზეც იზრდება ცხიმოვანი ქსოვილის მასა. კანქვეშქა ცხიმოვანი ქსოვილი განლაგებულია სისხლძარღვის გასწვრივ, მისი მასის გაზრდის ფონზე კი ქსოვილის ნაწილი თანდათან შორდება ამ სისხლძარღვს, ვეღარ იღებს ჟანგბადს, ვეღარ იკვებება და კვდება. რაღაც დროის შემდეგ ცხიმოვან ქსოვილში ჩნდება კოლაგენისაგან შემდგარი შემაერთებელი ქსოვილი, რომელიც კანის რაღაც უბნებს შედარებით ქვემოთ ქაჩავს და შედეგად ვიღებთ კანის უსწორმასწორო ზედაპირს.
არსებობს ჰიპოთეზა, რომ ცელულიტის გაჩენას ხელს ესტროგენები, ქალის სასქესო ჰორმონები უწყობს და სწორედ ამიტომაა ეს ქალების დაავადება. თუ ქალბატონს აქვს ჰიპოთირეოზი და თიროქსინის ნაკლებობა, პრობლემები ფარისებრ ჯირკვალზე, ამან ასევე შეიძლება გამოიწვიოს ცხიმების ჩალაგება, ისევე როგორც ნაკლები წყლის მიღებამ. როცა ქსოვილები წყლით გაჯერებული არ არის, კანი ნაოჭდება. შეიძლება მიზეზი იყოს ჰორმონალური დისბალანსი, გარკვეულ როლს თამაშობს მემკვიდრეობითობაც.
რა უნდა გავაკეთოთ, თუ ცელულიტი გვაწუხებს? უნდა მივმართოთ ექიმს. თუმცა იქამდეც შეგვიძლია სახლის პირობებში გარკვეული ზომების მიღებით საგრძნობლად შევამციროთ ცელულიტის დონე. რა უნდა გავაკეთოთ ამისათვის?
მიიღეთ ბევრი წყალი – ნორმის ფარგლებში, მაგრამ იმდენი, რომ თქვენი შარდი ღია ფერის იყოს.
შეასრულეთ ვარჯიშები – განსაკუთრებით ეფექტურია თეძოებისა და საჯდომის ვარჯიშები, ჩაჯდომები. ეს ცხიმოვან ქსოვილს წვავს, კუნთები ტონუსში მოჰყავს და კანსაც ასწორებს. იმოძრავეთ ბევრი, ფეხით ისეირნეთ….
დაიკელით წონაში – ცელულიტი ცხიმოვანი ქსოვილის მასის მომატების გამო ჩნდება, შესაბამისად წონის დაკლებით მისი საგრძნობლად შემცირება და ალაგებაა შესაძლებელი.
შეამცირეთ სტრესი – როცა ადამიანი სტრესშია გამოიყოფა ჰორმონი კორტიზოლი, რომლის დამსახურებაცაა ლიპოდისტროფიები. იყავით კარგ განწყობაზე, იცეკვეთ, იმღერეთ, იმოძრავეთ…
რაც შეეხება ახალ მედიკამენტს, ეს არის “კოლაგენაზა”. ეს არის ფერმენტი, რომელიც კოლაგენის ბოჭკოებს შლის. კეთდება მისი ინექციები სპეციალურ ადგილებში. კოლაგენის ბოჭკოების დაშლით ქრება შემაერთებელი ქსოვილი და კანის ზედაპირიც სწორდება. ჩემი ინფორმაციით, “კოლაგენაზათი” მკურნალობა დაახლოებით 3 თვემდე გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ჯერჯერობით ეს წამალი საქართველოში არ არის…