კირკიტაძე ლაცაბიძეს ტყუილში ადანაშაულებს

2021-08-27 15:11:04

გაერთიანებული ოპოზიციის რუსთავის მერობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოდან საგანგებო განცხადება გააკეთა და "ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე სიცრუეში დაადანაშაულა.

კირკიტაძის განცხადებით, ლაცაბიძემ იცრუა, რომ დახმარება არ ესაჭიროებოდა რუსთაველ ბავშვს, რომელის ჯანმრთელობის მდგომარეობაც განსაკუთრებულად დამძიმდა და მას ახლა კლინიკაში ოპერაცია უტარდება.

"მინდა კიდევ ერთხელ ვამხილოთ დაყენებული ღიმილით და ფარისევლური თანაგრძნობით ქართული ოცნების მერობის კანდიდატები და საქციელები.

10 ივნისს პარლამენტში გამოვედი და პატარა ბავშვზე ხელისუფლება ჩავაყენე საქმის კურსში, რომ მას ესაჭიროებოდა სასწრაფო ოპერაცია, თირკმლის გადანერგვა და რომ დავხმარებოდით მას. მაშინ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარისგან, ახლა უკვე რუსთავის მერობის კანდიდატისგან, მივიღე უკმეხი პასუხი და ტყუილი, რომ ამ ოჯახს არ ესაჭიროებოდა დახმარება და თუ ეს ბავშვი მოითხოვდა დახმარებას, სახელმწიფო მას აღმოუჩენდა. ამის შემდეგ, პატარა ნიკოლოზის მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. ახლა ვართ იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც შუალედურ ოპერაციას უკეთებენ მას და მინდა მოგმართოთ, ნიკოლოზი გაწირა საქართველოს ხელისუფლებამ. ყველა დოკუმენტაცია, მშობლების მიერ იქნა შეგროვებული და ხელთ მაქვს, ეს დოკუმენტაცია 3 კვირის წინ მე გადავუგზავნე ჯანდაცვის მინისტრს, მათგან იყო შეპირება, რომ დაეხმარებოდნენ ამ ბავშვს. ჯანდაცვის სამინისტრომ, მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომლის უშუალო მოვალეობაა გასაჭირში ჩავარდნილი მოქალაქეების დახმარება, არაფერი არ გააკეთეს იმისათვის, რომ ეს ბავშვი გადაარჩინონ. ამისთვის საჭიროა 20 000 დოლარამდე. ეს არის თანხა, რომელზე 4-ჯერ მეტიც ნინო ლაცაბიძემ დახარჯა ბილბორდების და ბანერების გაკვრაში რუსთავში, იქიდან კმაყოფილი სახით გვიყურებს და ყალბი თანაგრძნობით ცდილობს კიდევ მოიპოვოს მოქალაქეების ხმები", - განაცხადა კირკიტაძემ.

ლაცაბიძემ კირკიტაძის განცხადებასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავის" მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ მას არ აინტერესებს რას იტყვის დავით კირკიტაძე. "ქართული ოცნების" რუსთავის მერობის კანდიდატის თქმით, ბავშვის ოჯახთან კომუნიკაცია არაერთხელ ჰქონდა.

"ნამდვილად არ მაინტერესებს რას იტყვის ბატონი დავით კირკიტაძე. მე პირადად ვესაუბრე მშობლებს, დედას ვესაუბრე, მას შემდეგ რაც ბატონმა დავითმა გააჟღერა ეს საკითხი. გვქონდა კომუნიკაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროცედურებთან იყო დაკავშირებული იმ ეტაპზე ბავშვის ჯანმრთელობა და მე მათ ვუთხარი, რომ ნესბისმიერ დროს, როდესაც ჩემი ჩართულობა იქნებოდა საჭირო, აუცილებლად ჩავერთვებოდი მათ შორის სამინისტროსთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ურთიერთობაში. დედას აქვს ჩემი ნომერი და ვაფიქსირებდით იმას, რომ მზად ვიყავით დახმარებისთვის. მათ ჰქონდათ გარკვეული პროცედურები გასავლელი, დედამ როგორც აგვიხსნა და ძალიან სამწუხაროა, რომ ადამიანები ამას იყენებენ სწორედ ამ ფორმით, რომ კლინიკიდან პირდაპირ ეთერს უძღვნიან ძალიან მძიმე მდგომარეობას ჩვენი თანამოქალაქის", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები