მტკვარში 10 წლის ბავშვს ეძებენ

2017-08-07 21:48:18

"ინფო რუსთავს" ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიჯგორის მოსახლეობა დაუკავშირდა და ინფორმაციის გავრცელებაში დახმარება სთხოვა. როგორც ადგილობრივი აცხადებს - "დაახლოებით 4 საათის წინ მდინარე მტკვარში ბავშვები ბანაობდნენ და მათგან ერთ-ერთი, 10 წლის ბიჭი წყალში გაუჩინარდა. ოჯახმა დახმარების მიზნით ასპინძის სამაშველო სამსახურს მიმართა, თუმცა მათ განაცხადეს რომ არც ახალციხის და არც ბორჯომის მუნიციპალიტეტს მყვინთავები არ ჰყავდათ. ამ პასუხმა ოჯახის წევრების გაღიზიანება გამოიწვია და სოფლის გზა გადაკეტეს".

"ინფო რუსთავი" საგანგებო სიტუაციების სამსახურს დაუკავშირდა სადაც გვითხრეს რომ - "შეტყობინების მიღების შემდეგ ასპინძის და ახალციხის სამაშველო ჯგუფები გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, ამ წუთებშიც იქ იმყოფებიან. მდინარეში არის სიღრმეები, საჭირო გახდა მყვინთავთა ჯგუფის ჩართვა. მოჰყვა უსწრაფესი რეაგირება და თბილისიდან უკვე გაემართა ადგილზე შესაბამისი ეკიპაჟი. მიუხედავად იმისა რომ ღამის საათებში ჭირს სამძებრო სამუშაოები ჩატარება მყვინთავები ჩასვლისთანავე დაიწყებენ ძიებას იმ დრომდე ვიდრე ბავშვს არ იპოვნიან".

დღეს დილით შეგვატყობინეს რომ გამთენიისას მყვინთავებმა ბავშვი გარდაცვლილი იპოვეს.

RUSTAVI