"ჩვენი ბაზიდან დავინახეთ, როგორ ცვიოდა თვითმფრინავებიდან ხალხი" [video]

2021-08-16 20:17:07

ავღანეთის დედაქალაქში საქართველოს 22 მოქალაქეს შორის, რომლებიც ჯერ-ჯერობით სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ერთ-ერთი რუსთაველი თემო ელიკაშვილია. [ვიდეო/video]

მისი თქმით, ამ დროისთვის ქაბულში ვითარება მშვიდია, თუმცა პანიკაა აეროპორტში, საიდანაც ავღანელები ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ.

სამხედრო ბაზაზე თემო ელიკაშვილთან ერთად კიდევ 15 ქართველი იმყოფება, დანარჩენი 6 კი სხვადასხვა ბაზაზეა გადანაწილებული.

"წინა დღეებთან შედარებით თალიბანი მშვიდია. მაგრამ მოსახლეობაა შევარდნილი აეროპორტში და ძალიან რთული ვითარებაა. ამიტომაც დაბრკოლდა ჩვენი აეროპორტში გადაყვანა. უკონტროლო სიტუაციაა იქ, აღარც დაცვაა.

გუშინ საღამომდე ორმხრივი შეტაკებები იყო. გვაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ქალაქში გარკვეული კრიმინალური დაჯგუფებები დადიან და სხვადასხვა ობიექტების გაძარცვას ცდილობენ, ამიტომ კანტიკუნტად არის სროლები. თალიბანის მხრივ სრული სიმშვიდეა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველწუთიერად კავშირზეა. გვაქვს ინფორმაციების ცვლა, რა თქმა უნდა, ისინი ცდილობენ, ჩვენ აეროპორტში უსაფრთხოდ მივიდეთ და გამოვფრინდეთ. მათ მზად ჰყავთ თვითმფრინავი, როგორც ვიცით, და ასევე მზად არიან თურქი სამხედროებიც, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთო ტრანსპორტირებას აეროპორტში. მაგრამ ერთი პრობლემაა, რომ აეროპორტში არის სრული ქაოსი და ამიტომაც იწელება დრო.

გუშინ შუადღიდან იყო მცდელობა უკრაინული ბორდით გამოფრენის, თუმცა უსაფრთხოების მხრივს ფიზიკურად შეუძლებელი იყო გადაადგილება, რადგან მიმდინარეობდა ორმხრივი დაპირისპირება, თალიბანი ახალი შემოსული იყო ქალაქში და კონტროლის მოპოვებას ცდილობდა, შესაბამისად, ჩვენი ხელში ჩაგდების მაღალი რისკი იყო. არ გავრისკეთ ბაზის დატოვება და ვერ მივედით აეროპორტში.

ჩვენი ბაზიდან დავინახეთ როგორ ცვიოდა თვითმფრინავებიდან ხალხი",- განუცხადა "ინფო რუსთავს" თემო ელიკაშვილმა.

ცნობისთვის, 15 აგვისტოს ტერორისტულმა ორგანიზაცია თალიბანმა ავღნეთში საბოლოოდ აიღო.

თალიბანის ლიდერებმა ქაბულში ავღანეთის პრეზიდენტის სასახლე დაიკავეს. ლეგიტიმური ხელისუფლება მათ უბრძოლველად დანებდა და ძალაუფლება გადააბარა.

მედიასივრცესა და სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, თუ როგორ სურთ ავღანელებს ქვეყნის დატოვება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მთელი დღის განმავლობაში ავღანეთის მთავრობასა და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა. მედიის ცნობით, ის ტაჯიკეთში გაემგზავრა. 2021 წლის 14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გაყვანის შესახებ განაცხადა. პირველ მაისს ოფიციალურმა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ჯარის გაყვანა ოფიციალურად დაიწყო.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები