ვინ იქნება გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატი რუსთავში

2021-08-15 12:19:36

ნაციონალური მოძრაობის სახელით რუსთავის მერობისთვის დავით კირკიტაძე იბრძოლებს. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" თავად კირკიტაძემ დაუდასტურა.

"გაერთიანებული ოპოზიციიდან ვიქნები მერობის კანდიდატი და დიდი პატივი იქნება ჩემთვის", - განუცხადა "ინფო რუსთავს" კირკიტაძემ.

როგორც კირკიტაძემ საინფორმაციო სააგენტოს უთხრა, რუსთავში მოეწყობა პრეზენტაცია, სადაც საზოგადოებისთვის უფრო მეტი გახდება კონკრეტული გეგმების შესახებ ცნობილი. მისივე განცხადებით, ბევრი დაუგროვდა სათქმელი "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატზე, ნინო ლაცაბიძეზე.

"გვექნება დიდი ოპოზიციური გაერთიანების ღონისძიება რუსთავში და დეტალურად მოგიყვებით ყველაფერს გეგმების შესახებ. ძალიან ბევრს ვიტყვი ახალს ნინო ლაცაბიძეზე, ბევრი ახალი შეფასება იქნება, რადგან მისმა 1 წლის მოღვაწეობამ მოგვცა საშუალება, რომ შეგვეფასებინა ის", - აღნიშნა კირკიტაძემ.

როგორც კირკიტაძემ აღნიშნა, წარადგენენ რუსთავის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატებსაც.

ცნობილია, რომ ენმ-ს კანდიდატები ყველა რეგიონში არ ეყოლება. ამასთან, ენმ-ს კანდიდატებს მხარს დაუჭერს ოპოზიციის ნაწილი.





ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები