მეგობრობის გამზირის რეაბილიტაციის წინამოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა ზაზაძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, უკვე მიმდინარეობს ფასადებზე ხარაჩოების მოწყობის სამუშაოები.
"ფასადებზე ხარაჩოები ეწყობა. პარალელურ რეჟიმში, მიმდინარეობს იერსახეზე, არქიტექტურულ ნაწილზე მუშაობა, როგორი სახის იქნება და შესაბამისად, რომ შეირჩევა საბოლოო ვარიანტი, გამოქვეყნდება დეტალური ბანერები", - აცხადებს ზაზაძე.
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტის ფარგლებში, რუსთავში მეგობრობის გამზირისა და მუნიციპალიტეტის მერიის წინ მდებარე მოედნის რეაბილიტაცია მოხდება.
როგორც საპროექტო, ისე სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერში გამარჯვებული კომპანია "საბა კონსტრაქშენი" იმუშავებს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მეგობრობის გამზირის სრულად რეაბილიტაცია. მოეწყობა გარე ფასადები, ახალი საგზაო ინფრასტრუქტურა და ველობილიკები.