ისრაელმა საქართველოს „წითელ სიაში“ შეყვანა გადადო

2021-07-28 12:05:38

ქნესეთის (ისრაელის პარლამენტი) იურიდიულ და საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტმა იმ ქვეყნებს ჩამონათვალის გაფართოების შესახებ კენჭისყრა გადადო, რომელში მოგზაურობაც, წითელი ზონის სტატუსის გამო, ისრაელის მოქალაქეებს შეეზღუდებოდათ პარასკევიდან.

საუბარია დიდ ბრიტანეთზე, კვიპროსზე, თურქეთსა და საქართველოზე.

კომიტეტის თავმჯდომარემ გიდალ კარივმა ისრაელის ხელისუფლებას იზოლაციის წესების აღსრულებასთან დაკავშირებით, აგრეთვე სპეციალური ნებართვის მისაღებად მოქმედი ზომების ეფექტიანობის შესახებ დამატებითი განმარტების წარმოდგენა სთხოვა.

კორონავირუსის გავრცელების მაღალი რისკის ქვეყნებად ისრაელი ამ ეტაპზე განიხილავს არგენტინას, ბელარუსს, ბრაზილიას, ინდოეთს, მექსიკას, რუსეთს, ესპანეთს, სამხრეთ აფრიკასა და უზბეკეთს. გასულ პარასკევს ამ სიაში შეიყვანა ასევე ესპანეთი და ყირგიზეთიც.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებით, 30 ივლისიდან საქართველო „ნარინჯისფრიდან“ „წითელი“ ქვეყნების სიაში უნდა გადასულიყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მოქალაქეებს საქართველოში გამგზავრება აეკრძალებოდათ ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციის გამო.

ისრაელის მედია ცნობით, საქართველოდან სამშობლოში დაბრუნებულ მოქალაქეთა შორის 12-ს კორონავირუსის "დელტა პლუს" შტამი გამოუვლინდა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები